მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-ს ნაკრები ბოსნიის ნაკრებს შეხვდება და წყვილში ფავორიტია.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ჯგუფში კარგი თამაში აჩვენა, პარაგვაის და ავსტრალიას ადვილად აჯობა, ხოლო თურქეთთან გადახალიებული შემადგენლობით ითამაშა და მარცხი განიცადა, მაგრამ ეს მისთვის არაფერს ცვლიდა - ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
აშშ 1930 წელს მუნდიალის ნახევარფინალში იყო, 2002 წელს მეოთხედფინალში, 1934, 1994, 2010, 2014 და 2022 წლებში მერედფინალში. ასე რომ, პლეი-ოფში თამაშს საკმაოდ მიჩვეულია.
ბოსნიის ნაკრები სულ მეორედაა მუნდიალზე და პირველად პლეი-ოფში. სერგეი ბარბარესის გუნდმა კანადასთან ფრისა და შვეიცარიასთან განადგურების შემდეგ, კატარს ადვილად აჯობა და 4 ქულა საკმარისი გამოდგა, რომ საუკეთესო 8 მესამეადგილოსანში მოხვედრილიყო. ბოსნია 2014 წელს მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა, ასე რომ, მისთვის ახლა პლეი-ოფში ყოფნა უდავოდ დიდი წარმატებაა და დასაკარგიც არაფერი აქვს.
ტარიკ მუჰარემოვიჩმა შვეიცარიასთან წითელი ბარათის მიღების შემდეგ კატარის წინააღმდეგ ბოლო მატჩი გამოტოვა, თუმცა 23 წლის ფეხბურთელი ამ მატჩში დაბრუნდება და სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს. აშშ-ს ნაკრებში საეჭვოა კრისტიან როლდანის, მარკ მაკენზისა და ოსტონ ტრასტის თამაში.
აშშ-ს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო გამარჯვება 24 წლის წინ მოიპოვა, როცა პორტუგალიას 3:2 აჯობა. მას შემდეგ მათ უეფას წევრებთან ზედიზედ 10 მატჩი წააგეს.
ბოსნიის ნაკრებმა მიმდინარე მუნდიალზე კუთხურიდან სამი გოლი გაიტანა, რაც ყველაზე მეტია 2018 წლის შემდეგ, როცა ინგლისმა 4-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.
აშშ და ბოსნია ერთმანეთს აქამდე სამჯერ შეხვედრიან, სამჯერვე სპარინგში და ამერიკელთა მხარეს უპირატესობაა: 2 მოგება, 1 ფრე.
დღევანდელი მატჩი სან ფრანცისკოში, „ლევი სთედიუმზე“ გაიმართება.
სავარაუდო შემადგენლობები:
აშშ: ფრეზე; ფრიმანი, რიმი, რიჩარდსი, რობინსონი; ადამსი, ტილმანი; დესტი, მაკკენი, პულიშიჩი; ბალოგუნი
ბოსნია: ვასილი; დედიჩი, კატიჩი, მუჰარემოვიჩი, კოლაშინაცი; ბაირაკტარევიჩი, სუნჯიჩი, ბაშიჩი, ალაიბეგოვიჩი; ჯეკო, დემიროვიჩი







