საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე „რეალ სოლტ ლეიკში“ გადავიდა. ტრანსფერი ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.
მან კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. საბა ბოლო დროს „ატლანტა იუნაიტედში“ გამოდიოდა.
„საბას ჩვენს გუნდში დამატება მრავალ პოზიციაზე სიღრმეს და ყოველდღიურ ვარჯიშებში კონკურენციას შესძენს“, - განაცხადა გენერალურმა და სპორტულმა დირექტორმა კურტ შმიდმა და აღნიშნა: „ბოლო სამი წლის განმავლობაში MLS-ში თითქმის 100 თამაში აქვს, ამიტომ, ველით, რომ საბა სწრაფად შეეგუება ჩვენს სისტემას. მოუთმენლად ველით მის სწრაფად ინტეგრირებას“.
საბა ლობჟანიძე "ატლანტას" ღირსებას 2023 წლიდან იცავდა, რა დროის განმავლობაშიც 83 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 15 გოლთან ერთად 14 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მანამდე „დინამო თბილისში“, „ჩიხურაში“, „რანდერსში“, „ანკარაგუჯუში“, „ჰატაისპორსა“ და „კარაგუმრუკში“ უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 40 შეხვედრაში 4 გოლია.
„რეალ სოლტ ლეიკი“ MLS-ის დასავლეთ კონფერენციაში 26 ქულით მესამე ადგილზეა და სეზონს 23 ივლისს, „ლოს ანჯელესთან“ მატჩით განაახლებს.







