ფეხბურთი

12:18 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთი პირადი რეკორდის ზღვარზე და ავსტრია აუტსაიდერის როლში

მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში კიდევ ერთი ფავორიტი ჩაერთვება, ესპანეთის ნაკრები, რომლის მეტოქე ავსტრიის ნაკრებია.

ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ბევრისთვის ტურნირის მთავარი ფავორიტიცაა - ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც ტურნირი კაბო ვერდესთან იმედგამაცრუებელი ფრით დაიწყო (0:0), თუმცა, შემდეგ საუდის არაბეთს და ურუგვაის აჯობა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. „ფურია როხამ“ ჯგუფში გოლი არ გაუშვა და ეცდება, 1/16-ფინალშიც იგივე გააკეთოს.

ლამინ იამალი ნელ-ნელა ფორმაში შედის, მან ტურნირზე პირველი გოლი უკვე გაიტანა, თუმცა, ჯერ ვერ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორც მაგალითად, ლეო მესი ან კილიან მბაპე. ეს არცაა გასაკვირი - ლამინის სადებიუტო მუნდიალია, თანაც, ტრავმა ჰქონდა და როგორც თვითონ ამბობს, ახლა 80%-თაა სათამაშოდ მზად.

ავსტრიის ნაკრებს ბევრად გაუჭირდა ჯგუფიდან გასვლა: იორდანიას სძლია, არგენტინასთან დამარცხდა, ბოლო ტურში კი ალჟირთან აგებდა და რომ წაეგო, ჯგუფში ჩარჩებოდა, მაგრამ ბოლო კომპენსირებულ წუთზე საშა კალაიჯიჩმა გაათანაბრა - ამ გოლით ავსტრიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ესპანეთის ნაკრებზე გავიდა. პრინციპში, რალფ რანგნიკის გუნდისთვის პლეი-ოფში მოხვედრა უკვე წარმატებაა და ესპანეთთან მარცხისთვის არავინ დაძრახავს, თუმცა, ეცდება, რომ დიდი სენსაცია შესთავაზოს საფეხბურთო სამყაროს.

ესპანეთის ნაკრებს 34-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და 2007-2009 წელს ჰქონდა უკეთესი სერია, როცა 35 თამაში არ წააგო. ასე რომ, ამ მიღწევის გამეორების შანსი აქვს. მეორე მხრივ, მსოფლიო რეკორდიც ძალიან ახლოსაა, რომელიც 2018-2021 წლებში იტალიის ნაკრებმა დაამყარა, როდესაც ზედიზედ 37 თამაში ჩაატარა დაუმარცხებლად.

ესპანეთის ნაკრებში იერემი პინოს, ნიკო ვილიამსის და ვიქტორ მუნიოსის თამაშია საეჭვო, ხოლო ავსტრიელთა ბანაკში ტრავმები არ არის.

ესპანეთი და ავსტრია ერთმანეთს აქამდე 16-ჯერ შეხვედრიან, „ფურია როხას“ უპირატესობა აქვს - 9 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ისინი ერთხელ, 1978 წელს შეხვდნენ და ავსტრიამ 2:1 გაიმარჯვა. ბოლო დაპირისპირება 2009 წელს სპარინგის ხასიათის იყო, ესპანელებმა 5:1 მოიგეს. ასევე უნდა ვახსენოთ, ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპი, როცა 1999 წლის 27 მარტს, ესპანეთმა ავსტრია 9:0 გაანადგურა.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, ლოს ანჯელესში, „სოფი სთედიუმზე“. ამ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში პორტუგალიას ან ხორვატიას შეხვდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი; ლორენტე, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; მერინო, როდრი, პედრი; იამალი, ოიარსაბალი, ბაენა

ავსტრია: ა. შლაგერი; პოში, ლინარტი, ალაბა, მვანე; სიევალდი, ხ. შლაგერი; ლაიმერი, შმიდი; ზაბიცერი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101068