ფეხბურთი

13:15 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

გააგრძელებს მესი სერიას? არგენტინა აშკარა ფავორიტის სტატუსით

მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში ალბათ არ ყოფილა წყვილი, რომელშიც ისე იქნებოდა ფავორიტი გამოკვეთილი, როგორც არგენტინა - კაბო ვერდეს დაპირისპირებაში.

რატომ არის არგენტინა უპირობო ფავორიტი, ამაზე საუბარს აზრიც არ აქვს. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საკმაოდ სუსტ ჯგუფში იყო და პლეი-ოფის ბადეც სხვა ფავორიტებთან შედარებით ძალიან კარგი დაუჯდა. მაგალითად, ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში „ალბისელესტეს“ ავსტრალია ან ეგვიპტე ელოდება - უკეთესს ალბათ ვერ ინატრებდა.

არგენტინამ ჯგუფში ალჟირს, ავსტრიას და იორდანიას მარტივად აჯობა და გოლების 75% ლიონელ მესიმ გაიტანა - 6. არგენტინელი ვარსკვლავი დაფრინავს და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია. ის იბრძვის, როგორც ამ მუნდიალის, ისე ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობისთვის. 19 გოლი სულ, მიმდინარე ტურნირზე 6 და მისი კონკურენტია კილიან მბაპე. ამიტომაც, კაბო ვერდესთან მესი კიდევ უფრო მოტივირებული იქნება.

კაბო ვერდე ერთი შეხედვით ამ შეხვედრაში განწირულია. რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა აფრიკულმა ნაკრებმა არგენტინას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე მომართული და შესანიშნავ ფორმაშია. თუმცა კი, კაბო ვერდე ჯგუფიდან გავიდა, თანაც დაუმარცხებლად - სამი ფრე ჯგუფში ესპანეთის, ურუგვაისა და საუდის არაბეთის ნაკრებებთან. ეს ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად ეყო. აღსანიშნავია, რომ 1998 წლისა და ჩილეს შემდეგ, კაბო ვერდე პირველი ნაკრებია, რომელიც მუნდიალზე ჯგუფიდან სამი ფრით გავიდა.

გუნდებს საკადრო პრობლემები არ აქვთ. ლიონელ სკალონიმ იორდანიასთან შემადგენლობაში როტაციას მიმართა, ლიონელ მესიც დაასვენა, რომელმაც მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა. თუმცა, ცხადია, ახლა სკალონი მოედანზე საუკეთესო შემადგენლობას გაიყვანს.

კაბო ვერდემ დიდი ისტორია უკვე დაწერა, ახლა დასაკარგი არაფერი აქვს და არც არაფრის წნეხი - „ლურჯმა ზვიგენებმა“ იმაზე მეტი შეძლეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. კაბო ვერდე ამ მუნდიალის ოთხი დებიუტანტიდან (კურასაო, უზბეკეთი და იორდანია) ერთადერთია, რომელიც პლეი-ოფში გავიდა.

მატჩი თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება და მაიამიში გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ეგვიპტესა და ავსტრალიას შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

არგენტინა: ე. მარტინესი; მოლინა, რომერო, ლ. მარტინესი, მედინა; დე პაული, მაკალისტერი, ფერნანდესი, ალმადა; მესი, ლაუტარო მარტინესი

კაბო ვერდე: ვოზინია; მორეირა, პიკო, დინი, ს. კაბრალი; ლენინი; მენდესი, დუარტე, მონტეირო, ხ. კაბრალი; ლივრამენტო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0913