ფეხბურთი

0:57 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა ძალა გამოაჩინა

ესპანეთის ნაკრებმა მუნდიალი მძიმედ და კაბო ვერდესთან უგოლო ფრით დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა უმატებს და ამტკიცებს, რომ მართლაც ერთ-ერთი ფავორიტია.

ცხადია, ავსტრიის ნაკრები დიდი ვერაფერი საზომია, მით უმეტეს, ახლა, როცა რალფ რანგნიკის გუნდმა ვერც ჯგუფში დატოვა კარგი შთაბეჭდილება, მაგრამ აშკარაა, რომ ესპანეთს მომატების დიდი პოტენციალი აქვს.

„ფურია როხამ“ ავსტრიის ნაკრები 3:0 გაანადგურა და წამით არ დაუტოვებია ეჭვი, რომ თამაშს ვერ მოიგებდა. პირველიდან ბოლო წუთამდე ესპანეთი აბსოლუტური დომინანტი იყო.

ისევ შესანიშნავი იყო მიკელ ოიარსაბალი, რომელმაც პირველ ტაიმში ანგარიში გახსნა მარკ კუკურელიას პასის შემდეგ. ეს გოლი სრულიად ლოგიკური იყო, რადგან ავსტრიას ძალიან უჭირდა. მეორე ტაიმშიც ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა და ესპანელებმა უპირატესობა გაზარდეს. ჯერ ალექს ბაენას ჩაწოდებას პედრო პორო გამოეხმაურა და მატჩს ისედაც მკვდარი ინტრიგა მოუკლა, ხოლო შემდეგ კუკურელია-ოიარსაბალის კომბინაცია კიდევ ერთხელ გამოდგა შედეგიანი - 3:0.

უნაი სიმონმა რეკორდი დაამყარა. მას ამ ტურნირზე გოლი არ გაუშვია და წინა მუნდიალსაც თუ დავუმატებთ, გამოდის, რომ ვალტერ ძენგას მიერ 1990 წელს დამყარებული რეკორდი დაამხო, როდესაც იტალიელმა მუნდიალზე ზედიზედ 517 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვა. სიმონს სერია უკვე 519 წუთია გრძელდება.

კიდევ ერთი: ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი-ოფის მატჩი 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ხოლო ამავე ტურნირის პლეი-ოფის ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი 1994 წლის შემდეგ გაიტანა...

ავსტრია მუნდიალს ემშვიდობება, რომელიც მაინც აქტივში უნდა ჩავუწეროთ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა. აი, პლეი-ოფში არ გაუმართლა, როგორია, ეგრევე, ამ ესპანეთს შეხვდე?

ესპანეთის ნაკრები მერვედფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც პორტუგალია ან ხორვატია იქნება.

ესპანეთი - ავსტრია 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ოიარსაბალი (36), 2:0 პორო (66), 3:0 ოიარსაბალი (89)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163636