ფეხბურთი

5:40 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მატჩი, რომელსაც არ დაივიწყებენ: პორტუგალია მერვედფინალშია

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში ხორვატიის ნაკრებთან ზედრამატულ ბრძოლაში მოიგო და მერვედფინალშია.

რა თქმა უნდა, ხორვატიასთან ადვილ თამაშს არავინ ელოდება, ბოლოს და ბოლოს, საქმე ეხება გუნდს, რომელმაც ბოლო ორი მუნდიალზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ამიტომ, არ გვიკვირს, რომ პორტუგალიას მაგრად გაუჭირდა და შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლა კიდეც, რომ მოიგო, მაგრამ მაინც გასაკვირია ის, თუ რა სუსტად გამოყურება რობერტო მარტინესის გუნდი, მიუხედავად შედეგისა.

ტორონტოში გამართულ ზღაპრული მატჩის პირველი ტაიმი ძალიან მოსაწყენი იყო, ისეთი, რომ ვინც, მეორე ტაიმს აღარ უყურა, არ გაემტყუნება, მაგრამ ალბათ, მათ ვერც ვერავინ დააჯერებს, რომ ძალიან ბევრი რამ დაკარგეს. მეორე ტაიმი იყო ფანტასტიკა - ფეხბურთის მთელი ბრწყინვალების და მაგიის მატარებელი.

ხორვატია 53-ე წუთზე ივან პერიშიჩის გოლით დაწინაურდა. პორტუგალია შოკში იყო, არაფერი გამოსდიოდა. რობერტო მარტინესმა საქმის გამოსწორება შეცვლებით სცადა - თამაშიდან ვიტინია და ბრუნო ფერნანდეშიც კი მოხსნა. თუმცა, ამ სვლამ გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, პორტუგალიამ გაათანაბრა: რენატო ვეიგამ პენალტი მოიპოვა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.

იცით, ეს რონალდუს მერამდენე გოლი იყო მუნდიალზე პლეი-ოფში (კარიერაში)? პირველი. მას აქამდე პლეი-ოფის სტადიაზე მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გაეტანა. 1:1 და თამაშის სადავეები ისევ ხორვატიამ იგდო ხელთ, უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა, გოლიც გაიტანა, პეტარ შუჩიჩმა, მაგრამ ოფსაიდის გამო გაუქმდა. იყო ძელიც, მატეო კოვაჩიჩის დამსახურებით. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხარიხა რაფაელ ლეაომაც შეაზანზარა, გოლი კრიშტიანუ რონალდუსაც არ ჩაუთვალეს, თუმცა, ეს ყველაფერი იქამდე, სანამ ანგარიში 1:1 გახდებოდა. აი, საყაიმო შედეგის შემდეგ ხორვატიამ პორტუგალია ძალიან დაჯაბნა.

81-ე წუთზე მარტინესმა გადაწყვეტილება მიიღო: ძალიან შემტევი შემადგენლობით თამაშის გაგრძელება სარისკო იყო: რონალდუ შეცვალა... თუმცა, ამან გაამართლა: 94-ე წუთზე გონსალო რამოშმა ისეთი თავური გაიტანა, ძნელია, სიტყვებით აღწერო, გოლი კი არა, იმ მომენტში დარტყმაც სასწაულის ტოლფასი იყო, მაგრამ პსჟ-ს ყოფილმა და ახლა უკვე „მილანის“ ფორვარდმა ჯადოსნური გოლი გაიტანა.

ეს დასასრული იყო? არა. ხორვატიამ იოშკო გვარდიოლის გოლით გაათანაბრა... მაგრამ, თამაშგარე ყოფილა, მალევე, გოლი გაუქმდა და პორტუგალიამ მოიგო. მოიგო უმძიმეს ბრძოლაში. ხორვატია პირველად დარჩა მუნდიალზე უმედლოდ, როცა ჯგუფური ეტაპი გადალახა. აქამდე, ხორვატია ან ჯგუფში რჩებოდა, ან სამეულში ხვდებოდა.

ალბათ, ლუკა მოდრიჩმა კარიერა დაასრულა, ყველაფერი ამაზე მიანიშნებს. რონალდუს ოცნება კი ცოცხალია. თუმცა, პორტუგალია მძიმედ თამაშობს, მომდევნო ბარიერი კი უმძიმესია - ესპანეთის ნაკრები.

პორტუგალია - ხორვატია 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 პერიშიჩი (53), 1:1 რონალდუ (68, პენ), 2:1 რამოში (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161713