ეგვიპტის ნაკრები ისტორიის წერას აგრძელებს და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია.
ჰოსამ ჰასანის გუნდმა ავსტრალიის ნაკრების ბარიერი გაიარა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული გამოდგა, რადგან ძნელი იყო ამ წყვილში ფავორიტის დასახელება.
ეგვიპტემ უკეთ დაიწყო და მე-13 წუთზე ემამ აშურის გოლით დაწინაურდა. პირველ ტაიმში ეს ერთადერთი გოლი გამოდგა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის სტარტზე ავსტრალიამ გაათანაბრა. ეს 55-ე წუთზე მოხდა, როცა მოჰამედ ჰანიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ჰანი ისტორიული ანტირეკორდის ავტორი გახდა - პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მუნდიალზე ორი ავტოგოლი გაიტანა.
შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს მომენტები ჰქონდათ. არაფერი შეიცვალა არც დამატებით დროში და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ეგვიპტე უნაკლო იყო. აფრიკელებმა ოთხიდან ოთხივე პენალტი გაიტანეს, მაშინ, როცა ავსტრალიამ ოთხიდან მხოლოდ ორი გამოიყენა, ხოლო ორი დარტყმა კარს ასცდა - 4:2.
ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინას ან კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.
ავსტრალია - ეგვიპტე 1:1 პენ: 2:4 (0:1)
გოლები: 0:1 აშური (13), 1:1 ჰანი (55, ა.გ)







