კაბო ვერდეს ნაკრებმა შარშან ზაფხულს ქუთაისში, საქართველოს ნაკრებთან რომ ისპარინგა და მეორე შემადგენლობით მოთამაშე მასპინძელმა ვერ მოიგო, ეს გარკვეულწილად ქილიკის მიზეზი გახდა.
და, ეს კაბო ვერდეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე კამერუნის ნაკრებს აჯობა, ხოლო უშუალოდ მუნდიალზე ისე ითამაშა, რომ ეჭვაგრეშეა, როდესაც წლები გაივლის და ახსენებენ გუნდებს, რომლებმაც კონკრეტულ ჩემპიონატზე გამოანათეს, კაბო ვერდეს ახსენებენ.
ჯერ იყო ესპანეთთან ფრე, მერე ურუგვაისთან - ორ მსოფლიოს ჩემპიონთან. შემდეგ საუდის არაბეთთანაც და ჯგუფში მეორე ადგილი, პლეი-ოფის საზგური. 1/16-ფინალში ბუბისტას გუნდი განწირული ჩანდა, არგენტინის ნაკრებთან. ვერავინ ხვდებოდა, რა უნდა ექნა აფრიკულ ნაკრებს ისეთი, რომ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონისთვის და ლეო მესისთის წინააღმდეგობა გაუწია.
მაგრამ ყველა ცდებოდა! კაბო ვერდეს ნაკრები ბრძოლისა და არდანებების თანამედროვე მაგალითია. არგენტინა გადაურჩა გავარდნას, როგორ, შეიძლება თვითონაც არ იცის.
„ალბისელესტე“ 29-ე წუთზე დაწინაურდა, ლიონელ მესის ბრწყინვალე გოლით, რომელმაც მეოცე გოლი გაიტანა მუნდიალზე, მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე და ის გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ზედიზედ ორ მუნდიალზე მინიმუმ 7 გოლი გაიტანა.
არგენტინამ ტაიმი კი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში გაუშვა. დეროი დუარტემ გაიტანა და ლიონელ სკალონის გუნდის საქმე გაართულა. კი, შემდეგ სამხრეთამერიკელებმა მოიპოვეს უპირატესობა და 40 წლის ვოზინია ისევ დაფრინავდა, მაგრამ ეს „ლურჯი ზვიგენების“ მიღწევას არ აკნინებს.
ძირითად დროში კაბო ვერდე არგენტინასთან არ დამარცხდა. დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის დაწყება და ლისანდრო მარტინესის გოლი ერთი იყო - ისევ არგენტინა დაწინაურდა. ყველაფერი გადაწყდა? არა! კაბო ვერდემ 10 წუთში გაათანაბრა, ფანტასტიკური გოლით, რომელიც სიდნი ლოპეშ კაბრალმა გაიტანა. თამაში თუ არ გინახავთ, ეს გოლი აუცილებლად უნდა ნახოთ.
კაბო ვერდეს ნაკრებმა ორჯერ გაუთანაბრა არგენტინას და პენალტების სერიასთან ახლოს, მაგრამ 111-ე წუთზე მესამე გაუშვა და უკვე მესამედ ვეღარ დაატრიალა სიტუაცია. არადა, ახლოს იყო - ისევ ლოპეშ კაბრალმა გაისროლა, ამჯერად ემილიანო მარტინესმა მოიგერია ბურთი კუთხურზე.
არგენტინის ნაკრებმა 3:2 მოიგო, წვალებით, და, საერთოდ: ლიონელ მესის გარეშე ლიონელ სკალონის გუნდი ბევრ კითხვას დატოვებდა. მესის გარეშე თითქოს, გუნდს თამაში არ აქვს. კიდევ ერთი: არგენტინამ სამიდან ორი გოლი კუთხურის შედეგად გაიტანა, ღია თამაშიდან კაბო ვერდესთან ძალიან გაუჭირდა.
კაბო ვერდეს ნაკრები კი 2026 წლის მუნდიალის მთავარი აღმოჩენაა, თავისებური მშვენებაც. გუნდი, რომელმაც ყველას პატივისცემა თავისი შრომით დაიმსახურა!
არგენტინა - კაბო ვერდე 3:2 დ.დ (1:0)
გოლები: 1:0 მესი (29), 1:1 დუარტე (59), 2:1 ლ. მარტინესი (92), 2:2 ლოპეშ კაბრალი (103), 3:2 ბორჟესი (111, ა.გ)







