მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/16-ფინალური ეტაპი დასრულდა, დღეიდან კი მერვედფინალური სტადია დაიწყება.
პირველი მატჩი კანადისა და მაროკოს ნაკრებებს შორისაა. კანადა მუნდიალის თანამასპინძელი იყო, მაგრამ საშინაო მატჩები მხოლოდ ჯგუფში ჩაატარა - წინა თამაში აშშ-ში ჰქონდა და ახლაც იქ ითამაშებს - მუნდალის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მასპინძელი სხვა ქვეყანაში თამაშობს...
კანადის ნაკრები პლეი-ოფში პირველადაა და სამხრეთ აფრიკის ნაკრების ბარიერი მძიმედ, მაგრამ გაიარა. შესაბამისად, ისტორია უკვე დაწერა, მაგრამ გაჩერების სურვილი ბუნებრივია, რომ არ ექნება. მომდევნო მეტოქე მაროკოს ნაკრებია, რომელიც წყვილში ობიექტურად ფავორიტია.
მაროკომ ჯგუფში შესანიშნავად ითამაშა, 1/16-ფინალიდან ნიდერლანდების ნაკრები გააგდო, რომელსაც პენალტების სერიაში აჯობა. მაროკო ზედიზედ მეორედაა მერვედფინალში და მეტიც, წინა მუნდიალზე სულაც ნახევარფინალამდე მივიდა, საბოლოოდ კი მეოთხე ადგილი დაიკავა. გუნდებს საკადრო პრობლემები არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც პლეი-ოფის ერთი ეტაპი მაინც, ორ სხვადასხვა მუნდიალზე გადალახა. თუ „ატლასის ლომები“ მოიგებენ, შეიძლება შანსი მიიღონ საფრანგეთთან რევანშისთვის მეოთხედფინალში, რომლის წინააღმდეგ წინა მუნდიალზე ნახევარფინალი წააგეს. მოჰამედ უაჰბის გუნდი 9 მატჩია, რაც არ დამარცხებულა.
ეს ნაკრებები ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და კანადას არასდროს დაუმარცხებია მაროკო - 1 ფრე, 3 წაგება. წინა ოთხი დუელიდან სამი სპარინგი იყო, ბოლოს კი ისინი მუნდიალზე შეხვდნენ, 2022 წელს ჯგუფში და მაროკომ 2:1 მოიგო.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და ჰიუსტონში გაიმართება.
სავარაუდო შემადგენლობები:
კანადა: კრეპო - ჯონსტონი, ბომბიტო, კორნელიუსი, ლარიეა; ბიუქანანი, სალიბა, ეუშტაკიო, შაფელბერგი; დევიდი, ოლუვასეი
მაროკო: ბუბუ; ჰაკიმი, დიოპი, რიადი, მაზრაუი; ელ აინაუი, ბუადი; დიასი, უნაჰი, ელ ხანუსი; საიბარი







