მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინის ნაკრებს 1/16-ფინალში კაბო ვერდესთან 120 წუთი და ნამდვილი დრამა დასჭირდა გასამარჯვებლად.
არავინ ელოდა, რომ „ალბისელესტეს“ აფრიკული ნაკრები ასეთ წინააღმდეგობაც გაუწევდა, მაგრამ კაბო ვერდემ ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მებრძოლი, ამაყი და ორგანიზებული გუნდი ჰყავს.
მატჩი შეაფასა ლიონელ მესიმაც, რომელმაც რამდენიმე რეკორდი დაამყარა: მაგალითად, პირველია ვინც ორ სხვადასხვა მუნდიალზე 7 ან მეტი გოლი გაიტანა და ასევე პირველია, ვინც მუნდიალის ზედიზედ 8 თამაშში გაიტანა. ლეომ კაბო ვერდესთან თრილერზე აღნიშნა:
„ვიცოდით, რომ ეს ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ მათ ესპანეთსა და ურუგვაისთან არ წააგეს. პირველი გოლის გატანა ყველაზე რთული ნაწილი იყო და ვფიქრობდით, რომ ეს თამაშის კონტროლსა და უფრო მშვიდად თამაშში დაგვეხმარებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ზოგჯერ ბურთის ფლობა დავკარგეთ, ცოტა ღრმად დავიხიეთ უკან და ვერ შევძელით მათზე ისე ზეწოლა, როგორც გვინდოდა. მათ თავიანთი ძლიერი მხარეები გამოიყენეს და ანგარიში გაათანაბრეს. არაორგანიზებულები ვიყავით და მათ ყოველთვის ზედმეტი მოთამაშე ჰყავდათ“.
ახლა მთავარი ძალების აღდგენაა: „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დასვენება, მომავალზე ფიქრი და დადებითი მხარეების აღება, რადგან რაღაცები კარგადაც გავაკეთეთ. უარყოფით მხარეები უნდა გამოვასწოროთ, რაც ვფიქრობ, დღეს ბევრი გვქონდა“.
მესი ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მარტივი მეტოქე არ არსებობს, შესაბამისად, მათი მხრიდან მეტოქის დაუფასებლობის მომენტი არ ყოფილა: „ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება გარკვეული გუნდები მათი სახელის გამო არასაკმარისად შეაფასოს, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ საერთოდ არ იქნებოდა მარტივი მატჩი. სწორედ ეს ხდის ამ მსოფლიოს ჩემპიონატს ასე განსაკუთრებულს. ყველა მატჩი უკიდურესად რთულია“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა.







