პარაგვაი მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთი მოულოდნელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება, როდესაც შაბათს ფილადელფიაში ტურნირის ფავორიტ საფრანგეთს დაუპირისპირდება.
„ალბიროხამ“ ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია პენალტების სერიაში დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, ხოლო საფრანგეთმა 1/16-ფინალში შვედეთს მარტივად აჯობა.
პარაგვაის ნაკრებმა, 2024 წლის აგვისტოში გუსტავო ალფაროს დანიშვნის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის 12 საკვალიფიკაციო მატჩში მხოლოდ ერთი მარცხი დაფიქსირდა. ყველა შეჯიბრში ბოლო 23 საერთაშორისო მატჩიდან „ალბიროხამ“ მხოლოდ ხუთი წააგო (10 მოგება, 8 ფრე).
საფრანგეთი მექსიკასთან და არგენტინასთან ერთად იმ სამი გუნდიდან ერთ-ერთია, რომლებმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშების 100% მოიგეს და ამ პროცესში ტურნირზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. დიდიე დეშამი კი ეცდება, რომ გაზარდოს თავისი რეკორდი - ტურნირზე მწვრთნელის რანგში მოგებული მატჩების რაოდენობა. ის 1998 წელს, საფრანგეთს კაპიტნობდა, როცა „მამლებმა“ მერვედფინალში პარაგვაი დაამარცხეს.
ფავორიტად მიჩნეული და ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა საფრანგეთმა ბოლო 10 მატჩიდან ცხრა მოიგო ყველა შეჯიბრში (1 წაგება) და ასევე გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 18 მატჩიდან 15-ში (2 ფრე, 1 წაგება) მისთვის ტრიუმფალური 2018 წლის მუნდიალის დაწყებიდან.
ერთი ფაქტორი, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, სიცხეა. მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა 39°C-ს (102°F) მიაღწევს, რაც შესაძლოა პარაგვაისთვის ხელსაყრელი იყოს.
„სანდერლენდის“ ცენტრალური მცველი ომარ ალდერეტე ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ სრულად ვერ გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ, შაბათს ვერ ითამაშებს.
პარაგვაის ნაკრებს დაუბრუნდა დიეგო გომესი, რომელმაც გერმანიასთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. სტრასბურელი ხულიო ენსისო, რომელმაც გერმანიის წინააღმდეგ გაიტანა გოლი და მიგელ ალმირონი, სავარაუდოდ, ფლანგებზე ითამაშებენ, ხოლო გაბრიელ ავალოსი კვლავ ცენტრალურ თავდამსხმელად ითამაშებს.
რაც შეეხება საფრანგეთს, ახალი ტრავმების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს: მარკუს ტურამს კვლავ წვივის კუნთის პრობლემა აქვს და მისი თამაში საეჭვოა. „ინტერის“ თავდამსხმელის სრულად გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი, სასტარტო შემადგენლობაში მისი თამაში არ იგეგმება.
ოლისე, რომელმაც ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა და მხოლოდ ერთი აშორებს პელეს ყველა დროის რეკორდის - ექვსი საგოლე გადაცემის - გამეორებას ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მოსალოდნელია, რომ 10 ნომრის პოზიციაზე გააგრძელებს მოქმედებას, ხოლო პსჟ-ს დუეტი - დემბელე და ბარკოლა შეტევას ფლანგიდან დაეხმარებიან.
საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 გოლით ლიდერობს და Opta-ს ცნობით, მხოლოდ ბრაზილიას (9.42) აქვს მეტი xG, ვიდრე „ლურჯებს“ (9.20) .
საფრანგეთს პარაგვაისთან ხუთჯერ უთამაშია და არასდროს დამარცხებულა - 3 მოგება, 2 ფრე. პირველი ორი დუელი სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატზე შედგა: 1958 წელს ფრანგებმა 7:3 მოიგეს, ხოლო 1998 წელს, მერვედფინალში „მამლებმა“ ლორან ბლანის ოქროს გოლით გაიმარჯვეს. მომდევნო სამი დაპირისპირება 2008, 2014 და 2017 წლებში სპარინგის ხასიათის იყო - 0:0, 1:1 და 5:0.
მატჩი თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება და მას ფილადელფიას „ლინკოლნ ფილდი“ უმასპინძლებს. ამ წყვილში მოგებული მეოთხედფინალში მაროკოს ან კანადას შეხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
პარაგვაი: ხილი; კასერესი, გ. გომესი, კანალე, ალონსო; გალარსა, კუბასი, დ. გომესი; ალმირონი, ავალოსი, ენსისო
საფრანგეთი: მენიანი; კუნდე, უპამეკანო, სალიბა, დინიე; ჩუამენი, რაბიო; დემბელე, ოლისე, ბარკოლა; მბაპე







