ფეხბურთი

10:59 | 5.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის გამოწვევა ნორვეგიასთან, რომელიც არასდროს დაუმარცხებია

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დღეს, ბრაზილია - ნორვეგიის ძალიან საინტერესო მატჩით გაგრძელდება.

თითქოს, ბრაზილია ნორვეგიასთან ფავორიტი უნდა იყოს, მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ამის გადაჭრით თქმა, შეუძლებელია. ბრაზილიამ ჯგუფიდან გასვლა პირველი ადგილით მოახერხა, ნორვეგიამ - მეორეთი.

1/16-ფინალში „სელესაო“ იაპონიასთან აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში კაზემიროს და გაბრიელ მარტინელის გოლებით თამაში შეატრიალა და მოიგო. ბრაზილიის ნაკრებს 2002 წლის მუნდიალის შემდეგ ამ ტურნირთან კარგი მოგონებები არ აკავშირებს, მაგრამ 1990 წლის შემდეგ მერვედფინალს ყოველთვის სცდებოდა.

ნორვეგიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დიდებულად ჩაატარა და მერვედფინალამდეც მოვიდა, სადაც 1998 წლის შემდეგ მეორედაა. სტალე სოლბაკენის გუნდმა წინა ეტაპზე კოტ დივუარს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა.

ეს მატჩი შეიძლება ვინისიუსის და ერლინგ ჰოლანდის დუელადაც მოვნათლოთ: ნორვეგიელს 5 გოლი აქვს გატანილი და რა თქმა უნდა, ბომბარდირობისთვის იბრძვის, ხოლო ვინისიუსი თავისი გუნდის აშკარა ლიდერია. კარლო ანჩელოტის ხელში ვინი ყოველთვის თავისი თავის საუკეთესო ვერსიაა და ახლაც ასეა - მან ტურნირზე 4 გოლი უკვე გაიტანა. თუმცა, ნორვეგიის ნაკრები ძალიან ანგარიშგასაწევი ძალაა, რომლის ადვილად ძლევა ყველასთვის ძნელია.

ბრაზილიის ნაკრებს ტრავმების გამო რაფინია და ლუკას პაკეტა დააკლდება. რაფინიას ისევ რაიანი შეცვლის, პაკეტას კი დანილო სანტოსი. ნორვეგიას იულიან რიერსონი ჰყავს დაშავებული.

ნორვეგიის ნაკრებს ბრაზილიასთან საოცნებო სტატისტიკა აქვს: არასდროს დამარცხებულა! აქამდე იყო ოთხი მატჩი, საიდანაც ორი ნორვეგიელებმა მოიგეს, ორჯერ ფრე დაფიქსირდა. 1988 წელს სპარინგი 1:1 დასრულდა, 1997 წელს ევროპელებმა 4:2 მოიგეს, ხოლო 2006 წელს ისევ ფრე 1:1. ამ ოთხიდან ერთი მატჩი იყო ოფიციალური: 1998 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნორვეგიამ „სელესაოს“ 2:1 სძლია.

მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და ნიუ ჯერსში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბრაზილია: ალისონი; დანილო, მარკინიოსი, გაბრიელი, დუგლას სანტოსი; გიმარაეში, კაზემირო, დანილო სანტოსი; რაიანი, კუნია, ვინისიუსი

ნორვეგია: ნილანდი; პედერსენი, აიერი, ჰეგემი, ვოლფი; ოდეგორი, ბერგე, ბერგი; სორლოთი, ჰოლანდი, ნუსა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166981