მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მექსიკის ნაკრები „აცტეკას“ სტადიონზე ინგლისის ნაკრებს უმასპინძლებს.
მექსიკა აქამდე შესანიშნავად მოვიდა, გოლგაუშვებლად და 1990 წლისა და იტალიის ნაკრების შემდეგ პირველი ნაკრებია, რომელმაც მუნდიალზე საწყისი ოთხი თამაში ისე მოიგო, რომ გოლი გაუშვია. მეორე მხრივ, არის ინგლისი, რომელიც ტურნირის ფავორიტთა შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ თომას ტუხელის გუნდს კრიტიკოსები ჰყავს - ინგლისს პირველ ტურში ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ დამაჯერებელი ფეხბურთი აღარ უჩვენებია.
სტატისტიკა „ელ ტრისთვის“ სასიამოვნოა: ოთხიდან ოთხი გამარჯვება, ნული გაშვებული გოლი, ყველა ტურნირში ზედიზედ ექვსი გამარჯვება და 12-მატჩიანი წაუგებელი სერია ნოემბრის ბოლოს პარაგვაისთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 წაგების შემდეგ.
„აცტეკას“ ფაქტორის იგნორირებაც შეუძლებელია, რადგან მექსიკას ამ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი არასდროს წაუგია - 10 თამაშიდან რვა მოიგო და ორი ფრედ დაასრულა. ზოგადად, მათი დაუმარცხებელი სერია ამ სტადიონზე 26-ს აღწევს, 2013 წელს ჰონდურასთან განცდილი მარცხის შემდეგ.
მექსიკის ნაკრებმა როგორც იქნა პლეი-ოფის მატჩი მოიგო, პირველად 1986 წლის შემდეგ. ამ პერიოდში მექსიკა მუნდიალზე პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე ვარდებოდა.
ინგლისის ნაკრებს კონგოსთან 30 წუთი დასჭირდა კარში დასარტყმელად და ამდენი ხანი დარტყმის გარეშე მუნდიალზე პირველად იყო. თუმცა, მატჩის მიწურულს ჰარი კეინის გოლებით თამაში შემოაბრუნა და გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ინგლისი პირველად ითამაშებს „აცტეკაზე“ 1986 წლის შემდეგ, როცა არგენტინასთან მეოთხედფინალში წააგო - ცნობილ მატჩში, სადაც იყო „ღმერთის ხელი“ და დიეგოს დაუვიწყარი სოლოგოლი.
დეკლან რაისის ტრავმა საგანგაშო არ გამოდგა და „არსენალის“ ლიდერი ძირითად შემადგენლობაში იქნება. მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი ისევ სპენსის უნდა ველოდოთ, რადგან ჯარელ ქუანსა და რის ჯეიმსი კვლავ ლაზარეთში რჩებიან. მექსიკის ნაკრებში სერიოზული საკადრო პრობლემები არ არის.
მექსიკამ „აცტეკაზე“ ჩატარებული 89 მატჩიდან მხოლოდ ორი წააგო. თუმცა, უფრო დეტალურად თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ „ელ ტრის“ ინგლისის მსგავსი მეტოქე არ დაუმარცხებია ბრაზილიის შემდეგ, რომელსაც 23 წლის წინ სძლია.
ინგლისის ნაკრები მექსიკას აქამდე 9-ჯერ შეხვედრია, საიდანაც 6 მატჩი მოიგო, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, ორჯერ კი გამარჯვება მექსიკელებმა მოიპოვეს. 9-დან 8 თამაში ამხანაგური იყო, გამონაკლისია 1966 წლის მუნდიალის თამაში, რომელიც ინგლისელებმა 2:0 მოიგეს.
მატჩი თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში მოგებული მეოთხედფინალში ბრაზილიას ან ნორვეგიას შეხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
მექსიკა: რანხელი; სანჩესი, მონტესი, ვასკესი, გალიარდო; რომო, ლირა, მორა; ალვარადო, ხიმენეს, კინიონესი
ინგლისი: პიკფორდი; სპენსი, კონსა, გეჰი, ორაილი; რაისი, ანდერსონი; საკა, ბელინგემი, გორდონი; კეინი







