„დინამო ბათუმმა“ მორიგი ტრანსფერი დაადასტურა - აჭარულ გუნდს ბრაზილიელი ფორვარდი მაურიდესი შეუერთდა.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, ის დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს.
მაურიდესი „რადომიაკში“ 2025-2026 წლების სეზონში ასპარეზობდა, სადაც 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა: „ბედნიერი ვარ დინამოში გადმოსვლით, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“.
რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას: ის ბრაზილიური ინტერნასიონალის აღზრდილია და პროფესიული კარიერის საწყისი წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2012 წელს შედგა.
მას შემდეგ მაურიდესმა არაერთი ცნობილი კლუბის (მათ შორის პორტუგალიური „ბელენენსეშის“, ბულგარული ცსკა სოფიას, გერმანული სანქტ-პაულისა და პოლონური რადომიაკის) მაისურით 280 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 64 გოლი გაიტანა.
მაურიდესი გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმელები საზაფხულო შეკრებას ერზრუმში გაივლიან, სადაც თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან სამი ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი.





