საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა და ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა!
დიახ, გადაუჭარბებლად, რადგან ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ფანტასტიკური გამარჯვება მოიპოვა. წარმოუდგენელი ქამბექი მატჩში, რომელშიც საქართველო 22 ქულით აგებდა, გამარჯვება მოიპოვა.
ესპანეთმა პირველივე პერიოდში დიდი უპირატესობა მოიპოვა, 32:14 დაწინაურდა. -18 ქულა პრაქტიკულად მატჩის ბედის გადაწყვეტიას უდრიდა, რადგან საქართველოს არაფერი გამოსდიოდა და სანდრო მამუკელაშვილიც აკლდა, ხოლო გოგა ბითაძეს თამაში საერთოდ არ მისდიოდა.
დიდად არაფერი შეუცვლია მეორე და მესამე პერიოდებს, მხოლოდ 4 ქულით შეამცირა სხვაობა ჯიკიჩის გუნდმა და ბოლო პერიოდის წინ ესპანეთი 14 ქულით იგებდა - ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა... მაგრამ საქართველოს ნაკრებმა შეუძლებელი შეძლ! ეს ჩამორჩენა ბოლო 10 წუთში ამოქაჩა და მატჩის ძირითადი დრო 83:83 დასრულდა!
დაინიშნა ოვერ-ტაიმი, სადაც საქართველომ მეტოქეს 8:6 აჯობა და საბოლოოდ, 91:89 გაიმარჯვა! ისტორიაში მესამედ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის დამარცხება.
ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა თორნიკე შენგელია! კაპიტანმა კიდევ ერთხელ საოცარი თამაში ჩაატარა. ჯერ ერთი რომ, შეუცვლელად ითამაშა, 45-დან 44 წუთზე მეტი პარკეტზე იყო, მხოლოდ 29 წამი დაისვენა, ეს ხომ წარმოუდგენელია? მან 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა. თამაშში 37 ქულა საქართველოს ნაკრებისთვის რეკორდია - მაიკლ დიქსონის შედეგი გააუმჯობესა.
შენგელიას გარდა, მარკის რიდი ბრწყინავდა, რომელმაც 42 წუთი ითამაშა და გუნდს 32 ქულა შესძინა! ამერიკელის აქტივში ასევე იყო 3 მოხსნა და 7 პასი. უფრო მეტად რომ გავიგოთ შენგელიასა და რიდის წვლილზე, გეტყვით, რომ მათ შემდეგ ყველაზე შედეგიანი იყო კახა ჯინჭარაძე - სულ რაღაც 6 ქულით.
ესპანეთის ნაკრებს ვილი ერნანგომესმა (19 ქულა) და ალვარო კარდენასმა (14 ქულა) ულიდერეს.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი 3 გამარჯვებით და 3 მარცხით მესამე ადგილზე დაასრულა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ეს შედეგები გუნდს გადაჰყვება, ისევე, როგროც ესპანეთს (5-1) და უკრაინას (4-2). ისინი მეორე ეტაპზე ერთმანეთს არ შეხვდებიან, სამაგიეროდ, სამი ახალი მეტოქე ეყოლებათ.
საქართველო - ესპანეთი 91:89 ო.ტ (14:32, 24:20, 19:19, 26:12, 8:6)







