ესპანეთის ნაკრების კალათბურთელმა ვილი ერნანგომესმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის (89:91) მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თორნიკე შენგელია და მარკის რიდი ვერ შეაჩერეს.
„ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი იყო. პირველ ნახევარში ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარში მათ მეტი აგრესიულობა და ფიზიკური უპირატესობა ჰქონდათ. ორივე ფარზე მოხსნებში გვაჯობეს. ასევე, სწრაფი შეტევებიც ვეღარ განვავითარეთ. ამიტომ საქართველოს უბრალოდ უნდა მივულოცოთ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება და ბევრს ვისწავლით.
მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, იმით, როგორ იბრძოლეს, როგორც ამ მატჩში, ისე წინა შეხვედრაშიც. ამ მატჩის მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის შექება იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელიც შეასრულა. განსაკუთრებით შენგელიამ და რიდმა, რომლებმაც ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნეს. მათ უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარეს. განსაკუთრებით შენგელიამ, რომელმაც ექვსი სამქულიანი ჩააგდო და თუ არ ვცდები, საკუთარი კარიერის რეკორდიც გაიმეორა. ძალიან მძიმე თამაში იყო. ვფიქრობ, ეს მომავალში ძალიან გამოგვადგება“, - განაცხადა ერნანგომესმა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფური ეტაპი 3 გამარჯვებით და 3 მარცხით მესამე ადგილზე დაასრულა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ეს შედეგები გუნდს გადაჰყვება, ისევე, როგროც ესპანეთს (5-1) და უკრაინას (4-2). ისინი მეორე ეტაპზე ერთმანეთს არ შეხვდებიან, სამაგიეროდ, სამი ახალი მეტოქე ეყოლებათ.







