პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
რონალდუმ თქვა, რომ მისთვის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატია და ყოველი მომენტით ტკბება.
„დიახ, ეს ჩემი ბოლო მუნდიალია და ყოველი მომენტით სიამოვნებას ვიღებ. არ ვფიქრობ, რომ ასე ცუდად ვთამაშობ, 3 გოლი გავიტანე. სხვებმა უფრო მეტი გაიტანეს, მაგრამ იმიტომ, რომ ძალიან კარგად თამაშობენ... ვნახოთ, ხვალ თუ გავიტან. აღარ ვარ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ადრე ვიყავი, მაგრამ გოლები მაინც გამაქვს და იმედი მაქვს, ხვალაც გავიტან. თუ ვერ, სხვა თანაგუნდელი გაიტანს და იმედია, მომდევნო ეტაპზე გავალთ. ჩვენი მისია სწორედ მეოთხედფინალში გასვლაა.
ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებ ეროვნული ნაკრების დასახმარებლად. ვითამაშებ თუ არა, ყოველთვის მნიშვნელოვანი გავლენა მექნება. კარიერას როცა მინდა, მაშინ დავასრულებ და არა როცა შენ გინდა (მიმართავს ჟურნალისტს - რედ), ამ კითხვის დასმა დროის ფუჭად კარგვაა.
მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების რომ არ გვჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდით. აქამდე შესანიშნავი გამოცდილება იყო და თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით. ასეთ ტურნირში შეუძლებელია ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაში, ეს უკვე დადასტურდა, როცა კარგი გუნდები გავარდნენ. ვხედავ მშვიდ, მომზადებულ გუნდს, რომელიც მზადაა ესპანეთის მსგავს ძალიან ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდეს.
მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით უფრო მეტი კრიშტიანუ ვერ გავხდები და არც ნაკლები, თუ ვერ მოვიგებთ. მადლიერი ვარ ცხოვრების, ყოველი დღით ვტკბები. გამიმართლა, ყოველი დღისგან სიამოვნების მიღება ვისწავლე. 23 წელია ჩემს „მოკვლას“ ცდილობენ, მაგრამ მათ იციან, რომ დროს ტყუილად კარგავენ. ცდილობენ, ცდილობემ, ცდილობენ, თუმცა ამას უკვე შევეჩვიე.
ლამინ იამალს ნათელი მომავალი აქვს. ის ძალიან კარგად თამაშობს და მისი მომავალი შესანიშნავი იქნება. თუმცა, მე ესპანეთს ყოველთვის გუნდურად ვუყურებ და ისინი ძალიან კარგად თამაშობენ“, - განაცხადა რონალდუმ.
ესპანეთი - პორტუგალიის მატჩი 6 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება.







