ფიფამ აშშ-ს ნაკრების თავდამსხმელ ფოლარინ ბალოგუნს მოულოდნელად დისკვალიფიკაცია გაუუქმა და ბელგიასთან მერვედფინალში თამაშის უფლება მისცა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უეფამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელ ფოლარინ ბალოგუნისთვის წითელი ბარათის მიღების შემდეგ გათვალისწინებული ერთმატჩიანი ავტომატური დისკვალიფიკაციის მოქმედება ერთი წლის გამოსაცდელი ვადით შეჩერდა, წითელი ხაზი გადაკვეთა.
ფეხბურთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სპორტი, ეყრდნობა წესებს, რომლებიც სამართლიანი, პატიოსანი და გამჭვირვალე შეჯიბრების საფუძველია. ზოგჯერ წესები ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, თუმცა ამ შემთხვევაში — არა. წითელი ბარათის შემდეგ მინიმუმ ერთმატჩიანი ავტომატური დისკვალიფიკაცია არ წარმოადგენს დისკრეციულ გადაწყვეტილებას და მისი ამოქმედებისთვის უფლებამოსილი ორგანოს დამატებითი გადაწყვეტილება საჭირო არ არის. ეს არის რეგულაციებში მკაფიოდ გაწერილი პრინციპი, რომელიც გამონაკლისებს არ ექვემდებარება, მით უმეტეს ტურნირის მიმდინარეობისას, როდესაც რამდენიმე სხვა ფეხბურთელმა ანალოგიურ ვითარებაში რეგულაციის შესაბამისად უკვე მოიხადა დისკვალიფიკაცია.
როდესაც წესების სავალდებულო და ერთგვაროვანი აღსრულება მათივე დამცველების მიერ აღარ არის უზრუნველყოფილი, საფრთხის ქვეშ დგება თამაშის სამართლიანობა, ხოლო ტურნირის სანდოობა და ავტორიტეტი ზიანდება. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება მიმდინარე ტურნირზე ქმნის პრეცედენტს, რის შედეგადაც ყველა მსგავს შემთხვევაში თანაბარი მიდგომის გამოყენება გახდება აუცილებელი, რაც თავად შეჯიბრების ინტერესებს დააზიანებს.
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე საყვარელი სპორტია, რადგან ის ლამაზი თამაშია, ხოლო მისადმი ნდობა სწორედ იმით არის განპირობებული, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთი და იმავე წესებით თამაშობენ. არც ერთი ტურნირი არ არსებობს იზოლირებულად, ხოლო როდესაც საქმე მსოფლიო ჩემპიონატს ეხება, მის გადაწყვეტილებებს შეუძლია მთელი ფეხბურთისთვის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების გამოწვევა.
ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს გაოცებასა და აღშფოთებას ამ უპრეცედენტო, გაუგებარი და ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებული გადაწყვეტილების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ნაკრების ფორვარდი, რომელსაც ტურნირზე 3 გოლი აქვს გატანილი, ბოსნიასთან შეხვედრაში გააძევეს.





