მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალია - ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აფიშის მქონე დუელია.
ორი ევროპული გრანდი, რომლებიც მუნდიალზე მხოლოდ ერთი მიზნით არიან - ჩემპიონობისთვის.
ოღონდ, ესპანეთი ალბათ უფრო ფავორიტია, რადგან ლუის დე ლა ფუენტეს მანქანა იდეალურად ფუნქციონირებს, რასაც ვერ ვიტყვით პორტუგალიაზე. ესპანეთი მერვედფინალამდე გოლგაუშვებლად მივიდა, ვერ ვიტყვით, რომ რთული გზა გაიარა, არ ჰყავდა უმაღლესი კლასის მეტოქეები და სტარტიც კაბო ვერდესთან უგოლო ფრე შემაშფოთებელი იყო, მაგრამ ნელ-ნელა უმატებს, რაზეც წინა ეტაპზე ავსტრიის ძალიან ადვილად ძლევა მოწმობს.
პორტუგალიის ნაკრებს კი პრობლემები ჰქონდა ჯგუფში და 1/16-ფინალშიც ურთულესი ბრძოლა გადახდა, მაგრამ ესპანეთისგან განსხვავებით გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა - ხორვატია.
კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ ეს მისთვის ნამდვილად ბოლო მუნდიალია, შესაბამისად, ბოლო შანსი, რომ ტურნირი მოიგოს. მას ესპანეთთან კარგი მოგონებები აქვს - 2018 წელს, მუნდიალზე ერთადერთი ჰეთ-თრიქი სწორედ ესპანეთის ნაკრებთან შეასრულა. კრიშტიანუმ მიმდინარე ტურნირზე 3 გოლი გაიტანა და ეცდება, რომ მონაგარი გაზარდოს. ის ამბობს, რომ მზად არიან ესპანეთთან სათამაშოდ, ნაკრებთან, რომელიც გუნდურობით გამოირჩევა.
ხორვატიასთან მატჩის გმირი მაინც გონსალო რამოში იყო. „მილანის“ ახალწვეული მსოფლიოს ჩემპიონატზე საშუალოდ ყოველ 37 წუთში ერთ გოლს ან ერთ საგოლე გადაცემას აკეთებს - საუკეთესო მაჩვენებელი პორტუგალიელ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ხუთი ან მეტი თამაში აქვთ ჩატარებული - თუმცა, ის კვლავ სათადარიგო სკამიდან დაიწყებს თამაშს.
პორტუგალიის სასტარტო თერთმეტეულში ერთადერთი, მცირე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მარჯვენა ფლანგი სადაც პედრო ნეტომ ბერნარდო სილვასა და ფრანსისკო კონსეისაოს კონკურენცია უნდა გადალახოს.
ესპანეთის მხრიდან, ლამინ იამალმა, პედრო პორომ, დანი ოლმომ და აიმერიკ ლაპორტმა პარასკევს სრული დატვირთვით არ ივარჯიშეს, თუმცა, როგორც ამბობენ, არცერთს სერიოზული პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით იერემი პინოზე და ნიკო უილიამსზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებენ.
ესპანეთს ჩრდილოეთ ამერიკაში ჯერ არც ერთი გოლი არ გაუშვია, მეკარე უნაი სიმონმა კი ვალტერ ძენგას 36-წლიანი რეკორდი მოხსნა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ ყველაზე მეტი მშრალად ნათამაშები წუთებით - სიმონს გასული მუნდიალიდან მოყოლებული უკე 519 წუთია გოლი არ გაუშვია. ძენგას რეკორდი 517 წუთს და 1990 წლის მუნდიალს მოიცავდა.
შეტევას კი მიკელ ოიარსაბალ ლიდერობს, რომელსაც ამ ტურნირზე ოთხი გოლი აქვს გატანილი და ავსტრიასთან დუბლი მიითვალა. მან 17 გოლი გაიტანა ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 16 თამაშში.
პორტუგალია და ესპანეთი ერთმანეთს იდეალურად იცნობენ. მათ შორის, აქამდე 41 მატჩი შედგა და ესპანეთს უპირატესობა აქვს - 18 მოგება, 16 ფრე და 7 მარცხი.
ამ მატჩების უმეტესობა ამხანაგური იყო, ზოგიც საკვალიფიკაციო ეტაპის სტატუსის, მაგრამ დიდ ტურნირებზეც შეხვედრიან: ევრო 1984-ზე მათი დუელი 1:1 დასრულდა, ევრო 2004-ზე პორტუგალიამ 1:0 მოიგო და ესპანეთი ჯგუფში ჩატოვა, სამაგიეროდ, „ფურია როხამ“ რევანში 6 წლის მერე მუნდიალზე აიღო, როცა დავიდ ვილას გოლით მერვედფინაში აჯობა მეტოქეს. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანელებმა იმარჯვეს პენალტებში, ხოლო 2018 წლის მუნდიალის ჯგუფში დაუვიწყარი დაპირისპირება შედგა - 3:3 და კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქი.
ბოლო სამი დუელი უკვე ერთა ლიგის ეგიდით გაიმართა (ორჯერ ფრე, ერთხელ ესპანეთმა მოიგო). სულ ბოლო დაპირისპირება 2025 წლის 8 ივნისს, ერთა ლიგის ფინალში შედგა და 2:2 დასრულდა, მაგრამ პენალტებში პორტუგალიამ მოიგო და ჩემპიონი გახდა. ისე კი, ძირითად დროში პორტუგალიამ ესპანეთი ბოლოს 2010 წლის 17 ნოემბერს, სპარინგში დაამარცხა, როცა 4:0 გაანადგურა.
პორტუგალია-ესპანეთის მატჩ დღეს, 23:00 საათზე, დალასში გაიმართება.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუგალია: კოშტა; კანსელო, დიაში, ვეიგა, მენდეში; ვიტინია, ნევეში; ნეტო, ბრუნო ფერნანდეში, ლეაო; რონალდუ
ესპანეთი: სიმონი; პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, პედრი; იამალი, დანი ოლმო, ბაენა; ოიარსაბალი







