მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურისთვის ტურნირს შემორჩენილი ერთადერთი მასპინძელი აშშ-ს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება.
მატჩი, რომელსაც წინ დიდი სკანდალი უძღვის და რომელზეც ყველა ლაპარაკობს - ფიფამ ბოსნიასთან შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათი გაუუქმა და დისკვალიფიკაცია მოუხსნა აშშ-ს ნაკრების ლიდერ ფოლარინ ბალოგუნს, რომელსაც ტურნირზე 3 გოლი აქვს გატანილი. ამბობენ, რომ საქმეში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩაერია და მან პირადად აიძულა ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო.
რა თქმა უნდა, ფიფას გადაწყვეტილებამ უმეტესობის გაბრაზება გამოიწვია, განსაკუთრებით, ბელგიელების, რომლებიც უსამართლობას უწოდებენ მომხდარს, მაგრამ არაფერი შეიცვლება - ბალოგუნი მოედანზე იქნება, თუ რა თქმა უნდა, აშშ-ს მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ამას გადაწყვეტს.
აშშ-მ საკმაოდ ადვილად მოახერხა მერვედფინალამდე მისვლა, ჯგუფშიც იპირველა და წინა ეტაპზე ბოსნიას 2:0 მოუგო. ბელგიას უფრო გაუჭირდა: ჯგუფიდან ძლივს გავიდა, ხოლო 1/16-ფინალში ნამდვილი დრამა გადახდა სენეგალთან, რომლის წინააღმდეგ 86-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ გაათანაბრა, თამაში დამატებით დროში გადაიყვანა და იქ ბოლო წუთზე პენალტით მოიგო. მოკლედ, რუდი გარსიას გუნდი მერვედფინალშია, ავად თუ კარგად.
მატჩის წინ მარკ მაკენზის (ტერფი) და კრისტიან როლდანის (კუნთები) მდგომარეობა უნდა შეფასდეს, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან სერჯინო დესტი, კრისტიან პულიშიჩი და ტაილერ ადამსი.
რაც შეეხება ბელგიას, ძენო დებასტის თამაში კვლავ საეჭვოა, რადგან 22 წლის სპორტსმენი ცდილობს გამოჯანმრთელდეს იმ პრობლემისგან, რომლის გამოც მთელი ტურნირის განმავლობაში ვერ თამაშობდა.
აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალის ექვსი მატჩიდან ხუთი წააგო, ერთადერთი გამონაკლისი ისტორია კი 2002 წელს მოხდა, როცა ამ ეტაპზე მექსიკას 2:0 სძლია.
ეს ნაკრებები აქამდე 7-ჯერ შეხვედრილან: აშშ-მ პირველი დაპირისპირება მოიგო, თანაც მსოფლიოს ჩემპიონატზე, 1930 წელს - 3:0, მაგრამ მას შემდეგ ბელგიას ზედიზედ 6 გამარჯვება აქვს. აქედან 5-ჯერ სპარინგში, ხოლო 2014 წლის მუნდიალზე მერვედფინალში დამატებით დროში 2:1. ბოლო დაპირისპირება ახლახან შედგა - 28 მარტს, ამხანაგურ მატჩშ ბელგიელებმა 5:2 იმარჯვეს.
მატჩი დილის 04:00 საათზე დაიწყება და მას სიეტლის სტადიონი უმასპინძლებს. მოგებული მეოთხედფინალში პორტუგალიას ან ესპანეთს დაუპირისპირდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
აშშ: ფრიზი; ფრიმენი, რიჩარდსი, რიმი, რობინსონი; ტილმანი, ადამსი, მაკკენი; დესტი, ბალოგუნი, პულიშიჩი
ბელგია: კურტუა; კასტანი, ტეატე, მეხელე, დე კუიპერი; ვანაკენი, ტილემანსი; ტროსარი, დე ბრუინი, დოკუ; დე კეტელარე







