ფეხბურთი

1:00 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ბოლო და ცრემლები: ესპანეთი მეოთხედფინალში 16 წლის შემდეგ დაბრუნდა

ეპოქა დასრულდა - კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო თამაში ჩაატარა, ხოლო ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალშია.

პორტუგალია მერვედფინალამდე მძიმედ მივიდა და ესპანეთის ნაკრები ფავორიტად მიიჩნეოდა - ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის მექანიზმი იდეალურად მუშაობს, სახიფათო მომენტებს ამ გუნდს პრაქტიკულად ვერ უქმნიან.

ასე იყო დალასშიც, სადაც პორტუგალიას ძალიან გაუჭირდა. თუმცა არ იყო სანახაობრივი თამაში, ესპანეთიც ვერ ქმნიდა ბევრ მომენტს, მაგრამ უფრო ახლოს იყო გოლთან, ვიდრე მისი მეტოქე. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რადგან პორტუგალია დიოგო კოშტამ ორჯერ გადაარჩინა.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო მოსაწყენი გამოდგა, პრაქტიკულად არაფერი ხდებოდა, მცველები უშეცდომოდ და ყურადღებით თამაშობდნენ. თითქოს, ყველაფერი მიანიშნებდა, რომ მატჩი დამატებით დროში უნდა გადასულიყო.

თუმცა, ესპანეთის ნაკრების რესურსი ამოუწურავია: პირველ კომპენსირებულ წუთზე პორტუგალიელებმა წამიერად მოადუნეს კონცენტრაცია, რაც ძალიან ძვირად დაუჯდათ. ესპანელებმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშეს, შეცვლაზე შესულმა მიკელ მერინომ მეტოქის დაცვის უყურადღებობით და იქ შექმნილი სივრცეთი ისარგებლა, ფერან ტორესმაც დროული პასი გაუკეთა და მერინო მეკარესთან პირისპირ დარჩა - ზუსტად დაარტყა და ყველაფერი გადაწყვიტა.

ამრიგად, დასრულდა კრიშტიანუ რონალდუს ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებასთან დაკავშირებით - 27 მატჩი, 11 გოლი (3 ამ ტურნირზე) და ყველაზე კარგი შედეგი მეოთხე ადგილი. მან თამაშამდე დააანონსა, რომ მისთვის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატია.

ესპანეთის ნაკრები კი ისევ არ უშვებს გოლს, უნაი სიმონის რეკორდიც გაუმჯობესდა, რაც უკვე 609 წუთს შეადგენს. ფეხბურთი მოულოდნელობებითაა სავსე, მაგრამ ესპანეთის ნაკრებისთვის გოლის გატანა კი არა, მომენტის შექმნაც ძალიან რთულად მოსჩანს.

ესპანეთმა, როგორც 2010 წელს, როცა ჩემპიონი გახდა, პორტუგალია ისევ მერვედფინალიდან გააგდო, ისევ 1:0 აჯობა. „ფურია როხასთვის“ ეს სულ მეექვსე მეოთხედფინალია მუნდიალზე და ნახევარფინალში ისტორიაში მესამედ გასვლას ეცდება.

პორტუგალია - ესპანეთი 0:1 (0:0)

დალასი, AT&T სთედიუმი

პორტუგალია (4-2-3-1): კოშტა; კანსელო (დალო 83), დიაში, ვეიგა, მენდეში (სემედუ 56); ვიტინია, ჟოაო ნევეში; ნეტუ (კონსეისაო 83), ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო ფელიქსი (ლეაო 71); რონალდუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი; პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, პედრი (ფაბიან რუისი 85); იამალი, დანი ოლმო (მერინო 85), ბაენა (ფერან ტორესი 75); ოიარსაბალი (იგლესიასი 90)

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

გოლი: 0:1 მერინო (90)

გაფრთხილება: ბერნარდო სილვა (89), ვეიგა (90) - ფერან ტორესი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 15 (6) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166704