გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელისთვის ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნაზე.
„მსოფლიო ჩემპიონატმა ბევრი შესანიშნავი მატჩი და ფანტასტიკური ატმოსფერო გვაჩუქა, მაგრამ ვინ გააფუჭა ყველაფერი? ფიფამ და პოლიტიკამ! დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ფიფას დაურეკა და სთხოვა, გადაეხედათ ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციისთვის. დისკვალიფიკაციის მოხსნით, ფიფა არც საკუთარ თავს შველის და არც ფეხბურთს. პირიქით! ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩში ბალოგუნის გაძევება სრულიად აშკარა იყო, მით უმეტეს, რომ გადაწყვეტილება VAR-ის გადამოწმების შემდეგ მიიღეს. და მაინც, დისკვალიფიკაცია მოუხსნეს. ეს უბრალოდ სასაცილოა! ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს ფეხბურთში!
არ ვარ ახალი ტურნირების ან ახალი წესების წინააღმდეგი. სამწუთიანი წყლის შესვენებები, რომლებიც მილიარდობით შემოსავალს გამოიმუშავებს რეკლამიდან, ნორმალურია. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დანარჩენი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ფეხბურთი. მაგრამ აშკარა წითელი ბარათის გაუქმება უპრეცედენტოა! ეს სპორტში ჩარევაა. ეს წარმოუდგენლად მაღიზიანებს. ფიფას წინააღმდეგ არასდროს მითქვამს არაფერი, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ღებინება მინდება! რატომ არ მიიღო სხვა მოთამაშემ პირობითი წითელი ბარათი? ყველა დანარჩენი დისკვალიფიცირებული იყო, როგორც წესია.
როდესაც მასპინძელი დიდი ქვეყანა ხარ შენი მოთამაშეები დაცულები არიან, მაგრამ პატარა გუნდების მოთამაშეები არა, ეს უსამართლო თამაშია. ფიფა საკუთარ თავს დასცინის. ის სპორტს თელავს! ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ არაფერი მაქვს. დაე, დონალდ ტრამპს 10 მშვიდობის პრემია მიანიჭოს. მაგრამ როდესაც საქმე მოტყუებასა და მანიპულირებას ეხება, სწორედ აქ ვსვამ ზღვარს. „ის, რასაც ახლა ფიფა აკეთებს, სრული სირცხვილი და ფეხბურთის გულშემატკივრების ღალატია“, - ციტირებს Sky Sport მათეუსის სიტყვებს.







