აზერბაიჯანული „ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა რაშად სადიქოვმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, „ტორპედოს“ კარგად იცნობენ და „ზირას“ ქართველი ლეგიონერებისგან, გიორგი პაპუნაშვილისა და დავით ვოლკოვისგან „ტორპედოს“ შესახებ ინფორმაცია არ მოუთხოვიათ:
„ხვალ მნიშვნელოვანი საშინაო მატჩი გვაქვს. გვსურს, რომ მინიმუმ მისაღებ შედეგს მივაღწიოთ და გასვლით თამაშში უპირატესობით წავიდეთ. გამოცდილ მეტოქეს ვხვდებით, რომელმაც იცის, როგორ გადალახოს ევროტურნირებზე ეტაპები. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია. მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გვქონდა, თუმცა, ძლიერი და ხასიათიანი გუნდი გვყავს. გვინდა, თავდაჯერებულობა გამოვავლინოთ.
ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და სხვა გუნდებსაც ემართებათ. სეზონის დასაწყისში ხშირად გვაქვს ასეთი რამ. ეს ჩვენი ბედისწერაა. ადაპტაცია გვჭირდება. მანევრირებისთვის დრო ცოტაა. თუმცა, გამოცდილი მეკარე, აიდინ ბაირამოვი გვყავს.
საკმაოდ კარგად ვიცნობთ მეტოქეს. მათი რამდენიმე თამაში ვნახეთ ამ სეზონში. ჩვენი ქართველ ფეხბურთელებისგან (პაპუნაშვილ და ვოლკოვი - რედ) ინფორმაცია არ გვჭირდება. არაეთიკური იქნებოდა მათთვის „ტორპედოს“ შესახებ კითხვა. ბუნებრივია, ისინი მოტივირებულები იქნებიან, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, რადგან მათი ოჯახები მათ თვალყურს ადევნებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე დანერგილი პაუზები? ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლოა. პანდემიის დროს სამი შეცვლიდან ხუთზე გადავიდნენ. თამაშების რაოდენობისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლო ინოვაციაა“, - თქვა სადიქოვმა.
მატჩამდე კომენტარი გააკეთა „ზირას“ მცველმა გიზმათ ალიევმაც: „გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ. ისინი რეგულარულად თამაშობენ ევროტურნირებზე. ჩვენც გვაქვს გამოცდილება. ვეცდებით, პირველ თამაშში კარგი შედეგი მივიღოთ. არ მგონია, რომ ცხელი ამინდი ჩვენთვის პრობლემა იყოს. ამ თამაშისთვის მზად ვართ. არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა შეგვექმნას“.
შეგახსენებთ, რომ „ზირა“ – „ტორპედოს“ მატჩი 8 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.





