საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბ ჯგუფი ახალმა ზელანდიამ მოიგო და თასის ნახევარფინალში ითამაშებს.
„ჯუნიორ ოლ ბლექსი“ განვლილ სამ თამაშში ვერ იყო ისეთი ეფექტური, რასაც მისგან ვართ ჩვეული, თუმცა სამივე თამაშის მოგება მაინც მოახერხა. ჯგუფში მეორე ადგილზე შოტლანდია გავიდა, რომელიც მე-5 ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას, იტალია მესამე ადგილზე დარჩა და მე-9 ადგილის ნახევარფინალში გავიდა, იაპონია კი მე-13-მე-16 ადგილებისთვის ითამაშებს.
ისე, როგორც 2017 წელს, „ჯუნიორ ოლ ბლექსმა“ ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართა. ტურნირის პირველ მატჩში ახალგაზრდული ჩემპიონატის 6-გზის ჩემპიონი იაპონიას შეხვდა და პირველ ტაიმში მეტოქის დაჩაგვრა ვერ მოახერხა. ზელანდიელთა სამ ლელოს, აზიელებმა სამით უპასუხეს, საიდანაც ორი დასკვნით 5 წუთში გაიტანეს და ტაიმი 21:21 დასრულდა.
მეორე ტაიმში ფავორიტმა კიდევ სამი ლელო გაიტანა, თანაც ისე, რომ პასუხი არ მიუღია და 67-ე წუთზე 38:21 დაწინაურდა, ორ წუთში კი თამაში შეწყდა. ამის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა, რასაც თან ჭექა-ქუხილის საფრთხე ერთვოდა და მსაჯებმა თამაშის გაგრძელება შეუძლებლად მიიჩნიეს.
დაძაბული და საინტერესო გამოდგა პირველი ტურის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ექვსი ერიდან კარგად ნაცნობი იტალია და შოტლანდია შეხვდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ტაიმი სქოთებმა 19:14 მოიგეს, თამაშის განახლების შემდეგ კი მონაგარს კიდევ ერთი ლელო შემატეს.
იტალიამ ორი წუთის ინტერვალით ორი ლელო რომ გაიტანა, რასაც 52-ე წუთზე ჯარიმაც დაურთო, ანგარიშში დაწინაურდა, მაგრამ შოტლანდია დასკვნით მეოთხედში თამაშში დაბრუნდა, ორ ლელოთი ლიდერობა დაიბრუნა და იტალიამ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით მცირე სხვაობისთვს ბონუს-ქულა (4 ლელოს გატანისთვის მიღებულ ქულასთან ერთად) მიითვალა - 38:32 შოტლანდიის სასარგებლოდ.
მეორე ტურში შოტლანდიამ „ჯუნიორ ოლ ბლექსს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ახალმა ზელანდიამ ორი გარდასახული ლელოთი და ერთი ჯარიმით პირველ ტაიმში 17-ქულიანი უპირატესობა მაინც მოიპოვა, თუმცა ზედ შედვენების წინ, გარდასახული ლელო თავადაც გაუშვა. შესვენების შემდეგ „ჯუნიორ ოლ ბლექსმა“ კიდევ სამი ლელო გაიტანა, რაზეც შოტლანდიამ სამივეჯერ უპასუხა და ეს 40 წუთი ფრედ (19:19) დასრულდა, თუმცა პირველ ტაიმში მოპოვებულმა უპირატესობამ, ზელანდიელებს თამაში 36:26 მოაგებინა.
საინტერესო გამოდგა მეორე ტურის მატჩი იტალიასა და იაპონიას შორის. იაპონელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მის რეალიზებას ვერ ახერხებდნენ. იტალიამ მეტოქის შეცდომები კარგად გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ორჯერ დარჩა კაცნაკლული, საბოლოოდ 41:25 გაიმარჯვა.
შედეგად, ბოლო ტურში, ახალ ზელანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში, იტალიას ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი ჰქონდა, მაგრამ ახლა თავად დაუშვა შეცდომები, ხშირად ჯარიმდებოდა და „ჯუნიორ ოლ ბლექსმა“ მესამე თამაშიც ბონუს-ქულით მოიგო - 45:15.
იტალიელთა ბედი იაპონიის ხელში იყო, რადგან თუ შოტლანდია აქ ქულას ვერ აიღებდა, მეორე ადგილის შენარჩუნების შანსი ჰქონდა. სქოთები დებიუტში 19:0 დაწინაურდნენ, მაგრამ აზიელები, ტრადიციულად არ გატყდნენ, ბოლომდე იბრძლეს და ერთი მომენტი სხვაობა 2 ქულამდეც დაიყვანეს. შოტლანდიამ ძალები მოიკრიბა და საბოლოოდ 43:32 გაიმარჯვა.
შედეგად, ახალმა ზელანდიამ ბ ჯგუფი 15 ქულით დაასრულა, შოტლანდია მას 4 ქულით ჩამორჩა, იტალია 7 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა, იაპონიამ კი მხოლოდ 1 საცხრილო ქულა (შოტლანდიასთან 4 ლელოს გატანისთვის) მოიპოვა.
ამრიგად, ახალი ზელანდია და შოტლანდია, შესაბამისად თასის (13 ივლისს „ავჭალაზე“) და მე-5 ადგილის (12 ივლისს „ავჭალაზე“) ნახევარფინალებისთვის თბილისში მოდიან, იტალია და იაპონია კი ქუთაისში რჩებიან და პირველი მე-9 ადგილის (13 ივლისს „აია არენაზე), ხოლო მეორე მე-13 ადგილის (12 ივლისს „აია არენაზე) ნახევარფინალს ითამაშებს. მათი მეტოქეები დღის ბოლოს, ჯგუფური ეტაპების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
RUGBY.GE







