მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გვგონია, რომ ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ პრაქტიკულად ყოველი მომდევნო მატჩი გვაოცებს და არგენტინა - ეგვიპტის მერვედფინალი სამუდამოდ დაიკავებს თავის ადგილს საფეხბურთო წიგნებში.
არგენტინამ 1/16-ფინალი კაბო ვერდესთან დამატებით დროში გადალახა, ამჯერად არ დასჭირვებია დამატებითი დრო, მაგრამ უფრო გაუჭირდა და უფრო დრამატულად, ზღაპარში მოიგო.
ეგვიპტის ნაკრებმა უკომპრომოსი ბრძოლა გაუმართა მრისხანე მეტოქეს და არაფერი დაუთმო. მე-15 წუთზე ეგვიპტის ნაკრები დაწინაურდა - იასერ იბრაჰიმის შესანიშნავი თავურით - 0:1.
არგენტინას მალევე მიეცა გათანაბრების შანსი, მაგრამ ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ერთ მუნდიალზე ორი პენალტი ვერ გაიტანა. ზოგადად, მას მუნდიალზე 8 პენალტი აქვს დარტყმული და მხოლოდ 4 იყო ზუსტი.
არგენტინას პირველ ტაიმში არაფერი გამოსდიოდა, მესის პენალტის შემდეგ ხულიან ალვარესს ჰქონდა ყველაზე კარგი შანსი, მაგრამ ეგვიპტელთა მეკარე შობეირი ისევ შეუდარებელი იყო.
მეორე ნახევარის პირველ ნაწილში არგენტინისთვის კარგი არაფერი მომხდარა - ეგვიპტემ ისევ გაიტანა, მაგრამ ბედად, მანამდე ჯარიმა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა. თუმცა, 67-ე წუთზე აფრიკელებმა მეორე გაიტანეს - ამჯერად მოსტაფა ზიკომ დალაშქრა მეტოქის კარი - 0:2 და არგენტინა სრული ფიასკოს წინაშე დადგა.
ეგვიპტელებმა თავს დამაჯერებლად იცავდნენ და „ალბისელესტე“ სასოწარკვეთილ გუნდს ემსგავსებოდა, მაგრამ დროებით. და, ყველაფერი შეცვალა ერთმა გოლმა, როგორც ეს ხშირად ხდება: 79-ე წუთზე ლიონელ მესის პასით კუტი რომერომ გაიტანა და ანგარიში შეამცირა. მესი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე პასის ავტორი. პირველმა გოლმა არგენტინას სხვა ძალა მისცა და ოთხ წუთში ანგარიშიც გაათანაბრა. ვინ გაიტანდა, თუ არა მესი? რომელმაც მერვე გოლი შეაგდო, სულ 21-ე მუნდიალებზე. მან ზედიზედ მეცხრე თამაშში გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატზე და თავისივე მიღწევა გააუმჯობესა.
ეგვიპტე დაიბნა, მაგრამ 90-ე წუთზე კონტრშეტევაზე კარგი შანსი მიიღო. თუმცა, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ ვერ დატოვა და აქ ნათელი გახდა, რომ ჰოსამ ჰასანის გუნდი დაისჯებოდა. დაისაჯა კიდეც, რამდენიმე წამში: ენცო ფერნანდესმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში მე-3000 გოლია.
79-ე წუთამდე 0:2 და არგენტინამ თამაში მაინც მოიგო და მეოთხედფინალშია, აგრძელევს სვლას ზედიზედ მეორე ჩემპიონობისკენ. თუმცა, პლეი-ოფში უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ერთი შეხედვით ხელსაყრელი ჰყავდა - კაბო ვერდე და ეგვიპტე.
მეოთხედფინალში არგენტინა შვეიცარიას ან კოლუმბიას შეხვდება.
ეგვიპტის ნაკრებმა კი თავისი ისტორია დაწერა და ხმამაღალი სიტყვაც თქვა.
არგენტინა - ეგვიპტე 3:2 (0:1)
ატლანტა, „მერსედეს ბენც არენა“
არგენტინა (4-1-3-2): ე. მარტინესი; მოლინა (მონტიელი 73), რომერო (ოტამენდი 90), კ. მარტინესი, ტალიაფიკო (გონსალესი 66); პარედესი; დე პაული (ლაუტარო 66), მაკალისტერი, ფერნანდესი; მესი, ალვარესი (მედინა 90)
მწვრთნელი: ლიონელ სკალონი
ეგვიპტე (4-4-2): შობეირი; ჰანი, იბრაჰიმი, რაბია, ჰაფეზი; ჰასანი (ტრეზეგე 73), ლაშეენი (ზიზო 90), ატია, აშური (ფათი 46); სალაჰი, ზიკო (მარმუში 80)
მწვრთნელი: ჰოსამ ჰასანი
გოლები: 0:1 იბრაჰიმი (15), 0:2 ზიკო (67), 1:2 რომერო (79), 2:2 მესი (83), 3:2 ფერნანდესი (90)
გამოუყენებელი პენალტი: მესი (21, მეკარე)
გაფრთხილება: შობეირი (90), ფათი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (7) – 5 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი)







