ეგვიპტის მთავარმა მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა არგენტინასთან მატჩის შემდეგ სკანდალური განცხადებები გააკეთა.
როგორც მან თქვა, ფიფას სჭირდება, რომ ლიონელ მესი ტურნირს ბოლომდე შემორჩეს და მზიეზი მარკეტინგი და ფულია.
„ყველაფერი მარკეტინგსა და ფულზეა დამოკიდებული. მათ სურთ, რომ მესი, მსოფლიო ჩემპიონი, ტურნირზე დარჩეს. ფეხბურთში ბევრი რამ მოედნის გარეთ, პირადი ინტერესების საფუძველზე წყდება, რაც მოხდა, უსამართლოა. ეგვიპტემ დაიმსახურა კვალიფიკაცია, ჩვენ არგენტინაზე უკეთესები ვიყავით. ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ, იმის მიუხედავად, ამას რა მოჰყვება: ეს აშკარად ჩაწყობილი თამაში იყო და ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა! თუ ასე ძალიან სურთ არგენტინის გამარჯვება, რა აზრი აქვს სხვა გუნდების მონაწილეობას?
ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რადგან ვვითარდებით, შეგვიძლია ნებისმიერ მეტოქესთან კონკურენციის გაწევა, თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. მსაჯს ვუთხარი, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. გპირდებით, რომ ფიფას ეგიდით ჩატარებულ ერთ მატჩსაც აღარ ვუყურებ“, - თქვა ჰასანმა.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრები არგენტინასთან 2:3 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ 79-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. ეგვიპტელებს მატჩის მიწურულს პენალტის დანიშვნა სურდათ, რაც არ მოხდა და რასაც მოჰყვა შეტევა, რითაც არგენტინამ გამარჯვების გოლი გაიტანა.







