საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დ ჯგუფი საფრანგეთმა ქულათა მაქსიმუმით (15) მოიგო და თასის ნახევარფინალში მიჯრით მეშვიდედ ითამაშებს.
გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგები ავსტრალიას „აია არენაზე“ შეერკინენ და დებიუტშივე ლელო მიიღეს, თუმცა მე-17 წუთზე მეტოქე სინბინით რომ დაისაჯა, ფრანგებმა 10 წუთში სამი საპასუხო ლელო გაიტანეს. დარჩენილ დროში მეტოქეებმა თითო ლელოც გაცვალეს და ტაიმი ევროპელებმა 22:12 მოიგეს.
თამაშის განახლებიდან 5 წუთში მეტოქეებმა ლელოები კვლავ გაცვალეს, 52-ე წუთზე კი ავსტრალიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ფრანგებმა რიცხობრივი უპირატესობა ამჯერად ერთ გატანილ ლელოში ასახეს. ავსტრალიამ 61-ე წუთზე თავისი მეოთხე ლელო გაიტანა და 77-ეზე ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ გადამწყვეტი ლელოს გატანა ვეღარ მოახერხა და საფრანგეთმა 34:29 გაიმარჯვა.
ფრანგებს მანამდეც ორივე შეხვედრა ბონუს-ქულით ჰქონდათ მოგებული. პირველ ტურში ისინი ფიჯისთან 45:0 დაწინაურდნენ და საბოლოოდ 45:15 გაიმარჯვეს. მეორე ტურში ისინი ესპანეთს პირველი ტაიმის შემდეგ 17:20 ჩამორჩნენ, თუმცა საბოლოოდ 57:32 იმარჯვეს.
პირველი ორი თამაში ბონუსით მოიგო ავსტრალიამაც. „ჯუნიორ ვოლაბებმა“ ჯერ ესპანეთი დაამარცხეს 90:22, ხოლო მერე ფიჯი 53:17. საფრანგეთთან მათ ორი ბონუს-ქულაც ერგოთ და საბოლოოდ 12 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ.
ფიჯისა და ესპანეთის ჯახი ჯგუფში მესამეადგილოსნის ბედს წყვეტდა. ესპანელები გადამწყვეტ თამაშს ორი საცხრილო ქულით შეხვდნენ, რადგან ორივე ლიდერთან მოახერხეს ოთხი ლელოს გატანა. ესპანელები ორი ლელოთი დაწინაურდნენ და შესვენებამდე მონაგარს ორი ჯარიმაც შემატეს, რაზეც ფიჯიმ სამი ლელოთი უპასუხა - 18:17. მეორე ტაიმში ესპანეთმა ლელოთი უპირატესობა გაზარდა, თუმცა ფიჯიმ ორი ლელოს გატანა მოახერხა და 6 ქულით დაწინაურდა. 72-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ევროპელებმა სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტი შედეგიანი შეტევის განხორციელება ვეღარ მოახერხეს და ფიჯიმ 29:26 გაიმარჯვა.
შედეგად, ფიჯიმ 5 ქულა მიითვალა და ჯგუფში მესამე ადგილზე აღზევდა, ესპანეთს კი მხოლოდ ნუგეშ-ქულა ერგო და ჯამში სამი ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.
ამრიგად, საფრანგეთი თასის ნახევარფინალში გავიდა და 13 ივლისს თბილისში, „ავჭალაზე“ ითამაშებს. ავსტრალია ასევე „ავჭალაზე“ 12 ივლისს მე-5 ადგილის ნახევარფინალს გამართავს. ფიჯი და ესპანეთი კი ქუთაისში რჩებიან და შესაბამისად, 13 და 12 ივლისს, „აია არენაზე“ მე-9 და მე-13 ადგილების ნახევარფინალებში ითამაშებენ.
RUGBY.GE







