ფეხბურთი

19:50 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი ფავორიტის სტატუსით, მაროკო რევანშისა და ისტორიის გადაწერის ამბიციით

მერვედფინალური ეტაპის შემდეგ მეოთხედფინალებიც იწყება, რომელიც საფრანგეთი - მაროკოს მატჩით გაიხსნება.

საფრანგეთის ნაკრები წყვილში ფავორიტია, მაგრამ მაროკოს დიდი ხანია დამტკიცებული აქვს, რომ ახლა მისი ადგილი ელიტაშია. წინა მუნდიალზე ნახევარფინალი, სადაც მაროკო სწორედ საფრანგეთთან დამარცხდა, ხოლო ახლა მეოთხედფინალი - მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელიც მუნდიალზე ზედიზედ ორჯერ მივიდა მინიმუმ მეოთხედფინალამდე.

საფრანგეთის ნაკრები კი ზედიზედ მესამე ფინალს უმიზნებს, მთავარი მიზანი კი ცხადია ტურნირის მოგებაა - ისტორიაში მესამედ და ბოლო 8 წელიწადში მეორედ. დიდიე დეშამის გუნდმა აქამდე ყველა მატჩი მოიგო, 13 გოლი გაიტანა, ხოლო შემტევი ოთხეული - მბაპე, ბარკოლა, დემბელე, ოლისე - ძალიან საშიშად გამოიყურება.

მბაპე 7 გოლით ბომბარდითა დავაშია ჩაბმული და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ლიონელ მესის. მესისთან მას კონკურენცია ყველა დროს მეგოლის სტატუსზეც აქვს - 21 გოლი არგენტინელს, 19 - ფრანგს.

დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით, რომელიც ამ ტურნირის შემდეგ გუნდს დატოვებს, საფრანგეთმა ბოლო 12 მატჩიდან 11 მოიგო - ბოლო შვიდიდან ყველა.

გარდა იმისა, რომ დეშამი რომელმაც საკუთარ მოედანზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 1998 წელს კაპიტნის რანგში, ხუთშაბათს მსოფლიოს ჩემპიონატზე 25-ე თამაშს ჩაატარებს მწვრთნელის რანგში, რითაც ჰელმუტ შონის დიდი ხნის რეკორდს გაიმეორებს. გარდა ამისა, დიდიე მეოცე გამარჯვება უმიზნებს და ამ მხრივ, ისედაც რეკორდსმენია, ნორვეგიასთან მესამე ტურში მოგებით გადაასწრო სწორედ შონს.

მაროკოს ნაკრებმა ჯგუფში 7 ქულა მოიპოვა, ბრაზილიასთან არ წააგო, ხოლო პლეი ოფში ნიდერლანდებს პენალტებში და კანადას ადვილად აჯობა. აფრიკელებს ახლა ამბიციები გაზრდილი აქვთ და საფრანგეთის ნაკრებსაც ემუქრებიან.

საფრანგეთის ნაკრებში ორელინ ჩუამენის თამაშია საეჭვო, ხოლო მაროკოს დიდი ალბათობით, საუკეთესო ბომბარდირი ისმაელ საიბარი ვერ დაეხმარება.

საფრანგეთი მაროკოს 6-ჯერ შეხვედრია და უპირატესობას ფლობს: 4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. 5 დაპირისპირება ამხანაგური იყო, ხოლო ერთი და ბოლო მატჩი ოფიციალური: ეს 2022 წლის მუნდიალის ნახევარფინალში, როცა საფრანგეთმა მაროკოს ტეო ერნანდესის და რანდალ კოლო მუანის გოლებით 2:0 აჯობა.

მატჩი 10 ივლისს, 00:00 საათზე, ბოსტონში გაიმართება და წყვილში მოგებული ნახევარფინალში ესპანეთს ან ბელგიას შეხვდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

საფრანგეთი: მენიანი; კუნდე, უპამეკანო, სალიბა, დინი; კონე, რაბიო; დემბელე, ოლისე, ბარკოლა; მბაპე

მაროკო: ბუნუ; ჰაკიმი, დიოპი, რიადი, მაზრაუი; ელ აინაუი, ბუადი; დიასი, უნაჰი, ელ ხანუსი; რაჰიმი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.073462