ფეხბურთი

16:24 | 9.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის გაუვალი კედელი: რა შანსი შეიძლება ჰქონდეს ბელგიას?

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზურისთვის ესპანეთი და ბელგია ერთმანეთს ლოს ანჯელესში დაუპირისპირდებიან.

რა თქმა უნდა, ფავორიტი ესპანეთია, არათუ წყვილში, არამედ ტურნირზე. მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა კაბო ვერდესთან უგოლო ფრისა და მძიმე სტარტის შემდეგ მკვეთრად მოუმატა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ გუნდის კარში გოლის გატანა შეუძლებელია.

ესპანეთი ერთადერთია, ვისი კარიც მიმდინარე მუნდიალზე ხელუხლებელია. საერთოდაც, ეს სერია წინა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩიდან იწყება, როცა ესპანეთს იაპონიამ გაუტანა. მას შემდეგ, უნაი სიმონს 609 წუთია გოლი არ გაუშვია და ვალტერ ძენგას რეკორდიც დაამხო, რომელმაც 1990 წელს 517 წუთი არ გაუშვა გოლი, რაც 36 წლის განმავლობაში ხელუხლებელი რეკორდი იყო. გოლის გაშვებას ვინ ჩივის - ესპანეთის ნაკრების კართან საგოლე მომენტებიც არ იქმნება. ასე რომ, სიმონს კარის მშრალად შესანახად დიდი ძალიასხმევა ნამდვილად არ სჭირდება.

ესპანეთმა ჯგუფში საუდის არაბეთს 4:0 და ურუგვაის 1:0 მოუგო. პლეი ოფში ავსტრიასთან გაისეირნა (3:0), ხოლო პორტუგალიასთან გაუჭირდა, მაგრამ მიკელ მერინოს გოლით 1:0 მაინც გაიმარჯვა და აგრძელებს მეორე ტიტულისკენ სწრაფვას და საერთოდ, მესამე ნახევარფინალისკენ - ესპანეთი აქამდე მხოლოდ ორჯერ ყოფილა ნახევარფინალში.

ბელგიის ნაკრებს ოქროს თაობა ჩრდილში ჰყავს, მაგრამ თაობათა ცვლის პროცესის მიუხედავად, მეოთხედფინალამდე მაინც მივიდა. როგორც ტიბო კურტუამ თქვა, მიზანი ეს იყო, აწი რასაც მიაღწევენ, ეს უკვე ბონუსი იქნება. ბელგიამ ჯგუფი მძიმედ გაიარა, ეგვიპტეს და ირანს ვერ მოუგო, მხოლოდ ახალ ზელანდიას აჯობა, შემდეგ 1/16-ფინალში სენეგალთან 86-ე წუთამდე უიმედოდ, 0:2 მარცხდებოდა ისე, რომ საგოლე მომენტიც არ ჰქონია. თუმცა, მაინც დაატრიალა თამაში და 3:2 მოიგო დამატებით დროში. სამაგიეროდ, მეოთხედფინალში "წითელი ეშმაკების" საუკეთესო თამაში იყო აშშ-ს ნაკრებთან, რომელსაც 4:1 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სთან რუდი გარსიას გუნდის სამი ვარსკვლავი - კევინ დე ბრუინი, რომელუ ლუკაკუ და ჟერემი დოკუ სათადარიგო სკამზე ჰყავდა. ლუკაკუ მთელი მუნდიალია მხოლოდ შეცვლებზე თამაშობს, მაგრამ ასე მაინც შეძლო 3 გოლის გატანა, ხოლო დოკუს თადარიგში დასმა მაინც მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ "სიტის" შემტევი ცუდ ფორმაშია - მუნდიალზე ვერაფერი აჩვენა. აი, დე ბრუინის გარეშე კი ბელგიის ნაკრების თამაში შეიცვალა: თითქოს, კევინთან ერთად ბელგია უფრო ნელი იყო, მის გარეშე კი უფრო სწრაფი. დე ბრუინის შეცვლის შემდეგ (სენეგალთან), ბელგიამ ის თამაში მოიგო, თან 3 გოლი გაიტანა, მერე აშშ-ს კარი 4-ჯერ დალაშქრა. მოკლედ, დე ბრუინის ისევ სკამზე გამოჩენა ლოგიკური იქნება.

ესპანეთის ნაკრებში ტრავმები არ არის, ხოლო ბელგიის ნაკრებს ნახევარმცველი ამადუ ონანა დააკლდება, რომელიც აშშ-სთან დაშავდა. მისი ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ წელს საერთოდ ვერ ითამაშებს.

ესპანეთს ბელგიასთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს: 12 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება. ბოლო დაპირისპირება 2016 წლის სექტემბერში, სპარინგში შედგა და ესპანელებმა 2:0 მოიგეს. სამჯერ მათი გზები დიდ ტურნირებზეც გადაიკვეთა: 1980 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბელგიამ 2:1 მოიგო, ხოლო 1986 წელს მუნდიალზე სწორედ მეოთხედფინალში - ფრე 1:1 და პენალტებში ბელგიამ იმარჯვა, შედეგად, ნახევარფინალში გავიდა. 4 წლის მერე, იტალიაში, ესპანეთმა რევანში აიღო, როცა ჯგუფში მეტოქეს 2:1 აჯობა.

მატჩი 10 ივლისს, 23:00 საათზე, ლოს ანჯელესში გაიმართება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი; პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, პედრი; იამალი, ოლმო, ბაენა; ოიარსაბალი

ბელგია: კურტუა; კასტანი, ნგოი, მეხელე, დე კუიპერი; ვანაკენი, ტილემანსი; ლუკებაკიო, დე ბრუინი, ტროსარი; დე კეტელარე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09165