საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა სტუმრად ესტონეთის ჩემპიონი ტალინის „ფლორა“ 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ „იბერიამ“ უპირატესობა მოიპოვა, თანაც არცთუ უმნიშვნელო.
თბილისური გუნდისთვის თამაში იდეალურად დაიწყო: მე-18 წუთზე ანგარიში ზვიად ნაჭყებიამ გახსნა, ხოლო სამი წუთის შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც გოლად გიორგი ჯინჯოლავამ აქცია - 0:2.
ამის შემდეგ „ფლორა“ გამოფხიზლდა და სხვაობაც მალე შეამცირა - ვლადისლავ კრეიდამ დალაშქრა გიორგი მაკარიძის კარი, პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა, მაგრამ მეორე ნახევარში შეიცვალა.
მე-60 წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან აირონ კოლო გააძევეს. თუმცა, 10-კაციანმა „ფლორამ“ გათანაბრება მოახერხა - თავი სანდერ ალამაამ გამოიჩინა. „იბერიას“ საბედნიეროდ, თანაბარი ანგარიში ორი წუთიც არ შენარჩუნებულა, რადგან მალევე ბაქარ ქარდავამ მესამე გოლი გაიტანა.
მატჩის ბოლომდე 15 წუთი რჩებოდა, მაგრამ არაფერი შეიცვალა - „იბერიამ“ 3:2 მოიგო და საპასუხო შეხვედრის წინ, რომელიც ერთ კვირაში გაიმართა, უპირატესობა მოიპოვა.
ამ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანს“ შეხვდება. უნდა აღნიშნოს, რომ ამ ერთი ეტაპის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც კონფერენს ლიგაზე მოსახვედრად. ამ ბარიერის გავლა „იბერიასთვის“ უარეს შემთხვევაში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრას ნიშნავს.
„ფლორა“ – „იბერია“ 2:3 (1:2)
„იბერია“ (4-3-3): მაკარიძე; ზოური (ქობულაძე 86), სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა; სიხარულაშვილი (ჩიხრაძე 80), დადიანი, ქარდავა; ბართიშვილი (კულიევი 80), ბედოშვილი (კუცია 71), ნაჭყებია
გოლები: 0:1 ნაჭყებია (18), 0:2 ჯინჯოლავა (21), 1:2 კრეიდა (28), 2:2 ალამაა (73), 2:3 ქარდავა (75)





