მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისი-ნორვეგიის მატჩისგან დიდი მოლოდინია.
ინგლისზე საუბარიც ზედმეტია რატომ - ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და რა თქმა უნდა, ყველა ყურადღებით აკვირდება.
ინგლისს მიმდინარე მუნდიალზე ადვილად თამაშების მოგება არ გამოსდის, განსაკუთრებით პლეი-ოფის ეტაპზე, მაგრამ დრ კონგოს და მექსიკას მაინც აჯობა. გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო მექსიკასთან მერვედფინალი „აცტეკაზე“. ამ მუნდიალზე ბევრი დასამახსოვრებელი თამაში იყო, მაგრამ ინგლისი-მექსიკა მათ შორის გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.
ნორვეგიის ნაკრები კი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ფინალურ ეტაპზეც ბრწყინავს. სტალე სოლბაკენის გუნდმა ჯერ კოტ დივუარი გააგდო, შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელად (ბევრისთვის არა) ბრაზილიის ნაკრებიც ზედ მიაყოლა.
ცალკე ისტორია იქნება ერლინ ჰოლანდის და ჰარი კეინის დუელი. ალბათ, დღეს მსოფლიოში ორი საუკეთესო ცენტროფორვარდის. ჰოლანდს 7 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ მან ბრაზილიას გაუტანა და გჟეგოჟ ლატოს (1974) შემდეგ პირველია, ვინც სადებიუტო მუნდიალზე ამდენი გოლი გაიტანა.
ჰარი კეინიც ინგლისის ნაკრების მთავარი ძალაა - მან უკვე მოასწრო 6 გოლის გატანა და განსაკუთრებით, დრ კონგოსთან შეასრულა გმირის როლი. კეინი გოლების გარდა, თანაგუნდელებს საგოლე პასებითაც კი ამარაგებს. ასე რომ, ნათელია, რომ ჰოლანდისა და კეინის თამაშზე თავიანთი გუნდების ბედი დიდად იქნება დამოკიდებული.
ინგლისის ნაკრებს ტრავმების გამო ვალენტინო ლივრამენტო და ჯორდან ჰენდერსონი დააკლდება, ხოლო ჯარელ ქუანსას დისკვალიფიკაცია აქვს. საეჭვოა რის ჯეიმსის თამაშიც. ნორვეგიის ნაკრებში მოწამვლასთან დაკავშირებით იყო პრობლემები, მაგრამ ამის გამო გუნდს არავინ დააკლდება.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული ნაკრები არასდროს დაუმარცხებია.
ინგლისი და ნორვეგია ერთმანეთს 12-ჯერ შეხვედრიან და ინგლისს დიდი უპირატესობა აქვს - 7 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება. თუმცა, ინგლისელთა ეს უპირატესობა ამხანაგურ მატჩებშია, ხოლო ოფიციალურ თამაშებში ისინი სულ ოთხჯერ შეხვდნენ და რაც უნდა უცნაური იყოს, ნორვეგია სჯაბნის - 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.
ყველაზე გამოსარჩევია 1994 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი, როცა ნორვეგიამ 2:0 მოიგო შინ, მანამდე სტუმრად 1:1 ითამაშა და ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დატოვა. მას შემდეგ გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ სპარინგებში და ამ მატჩებში სულ ორი გოლი გავიდა - ინგლისმა ორჯერ 1:0 მოიგო, ორი მატჩიც 0:0 დასრულდა.
მატჩი მაიამიში, 12 ივლისს, 01:00 საათზე გაიმართება და ამ წყვილში მოგებული ნახევარფინალში არგენტინას ან შვეიცარიას შეხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ნორვეგია: ნიულანდი; რიერსონი, აიერი, ჰეგემი, ვოლფი; ბერგი, ბერგე; ბობი, ოდეგორი, შიელდერუპი; ჰოლანდი
ინგლისი: პოკფორდი; სპენსი, კონსა, გეჰი, ო’რაილი; რაისი, ანდერსონი; საკა, ბელინგემი, გორდონი; კეინი







