მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალური მატჩი არგენტინასა და შვეიცარიას შორის გაიმართება.
ფავორიტი ცალსახაა, არგენტინა ამერიკაში ზედიზედ მეორედ ჩემპიონობისთვისაა, შვეიცარია მეოთხედფინალში გავიდა, რაც მისთვის უკვე დიდი მიღწევაა და ამიერიდან, რასაც მიაღწევს, ეს მხოლოდ ბონუსი თუ იქნება.
არგენტინისთვის მეოთხედფინალში მარცხი საშინელი შედეგი იქნება, ამიტომ, წნეხი ლიონელ სკალონის გუნდზე უფროა, მაგრამ გამოცდილებაც და კლასიც მის მხარესაა. არგენტინამ პლეი-ოფში ორჯერ უკვე გაიარა ბეწვის ხიდზე: ჯერ კაბო ვერდესთან მოსაგებად დამატებითი დრო დასჭირდა (3:2), ხოლო ეგვიპტესთან 90 წუთი იკმარა, მაგრამ უფრო გაუჭირდა და 79-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა, თითქოს, განწირული იყო, თუმცა, არგენტინას ლიონელ მესი ჰყავს.
არგენტინას სხვებთან შედარებით (ქაღალდზე) ადვილი ბადის გავლა მოუწია, ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული და მეოთხედფინალშიც ალბათ, ყველაზე სასურველი მეტოქე ჰყავს. თუ „ალბისელესტე“ მოიგებს, გახდება პირველი ნაკრები, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ისე გავა, რომ ფიფას რეიტინგის ტოპ 10-ის წარმომადგენელთან ერთხელაც არ ექნება ნათამაშები.
არგენტინა მუნდიალზე ბოლო 11 მატჩში დაუმარცხებელია და ყოველ ჯერზე, მინიმუმ ორი გოლი გაიტანა, რაც მისი საუკეთესო სერიაა. სკალონის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოს 2022 წელს, პირველ ტურში საუდის არაბეთთან დამარცხდა.
შვეიცარიამ ჯგუფური ეტაპი ადვილად დაძლია, პლეი ოფშიც ორი ეტაპი გადალახა, მერვედფინალში კოლუმბიას პენალტების სერიაში სძლია. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში 72-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. ბოლოს აქ რომ იყო, ტურნირსაც მასპინძლობდა.
შეიცარიას შეიძლება მიშელ ებიშერი, ლუკა ჟაკესი და იოჰან მანზამბი დააკლდეს - მანზამბი 3 გოლით და 2 საგოლე პასით ტურნირის აღმოჩენა და გუნდის ლიდერია. მისი დანაკლისი ევროპელებისთვის ძალიან მძიმე იქნება.
არგენტინა შვეიცარიას 7-ჯერ შეხვედრია და არასდროს დამარცხებულა - 5 მოგება, 2 ფრე. შვიდიდან 5 დაპირისპირება ამხანაგური იყო, ხოლო ორი ოფიციალური, პირველი და ბოლო, ორივე მუნდიალზე. 1966 წელს არგენტინამ 2:0 მოიგო, ბოლო დაპირისპირება კი 2014 წლის მუნდიალის მერვედფინალში შედგა, როცა არგენტინამ შვეიცარიას 119-ე წუთზე, ანხელ დი მარიას გოლით 1:0 მოუგო.
მატჩი 12 ივლისს, 05:00 საათზე, კანზას სიტიში გაიმართება და გამარჯვებული ნახევარფინალში ინგლისს ან ნორვეგიას შეხვდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
არგენტინა: ე. მარტინესი, მოლინა, რომერო, ლ. მარტინესი, ტალიაფიკო; დე პაული, პარედეს, ფერნანდესი, მაკალისტერი; მესი, ლაუტარო
შვეიცარია: კობელი; ზაკარია, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი; იაშარი, ჯაკა, ფროილერი; ნდოიე, ემბოლო, ვარგასი







