დედაქალაქში დარჩენილ რაგბის გულშემატკივარს 12 და 13 ივლისს დაუვიწყარი საღამოები ელის. მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფარგლებში, მათ ორივე დღეს სარაგბო კლასიკად შერაცხული დაპირისპირებები ელოდება.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ისევე, როგორც 2017 წელს საქართველოში გამართულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, თასის ნახევარფინალში სარაგბო ელიტის ოთხი თვალსაჩინო წარმომადგენელი გავიდა - სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი და საფრანგეთი.
ეს ის ოთხეულია, რომელიც აქამდე გამართული 15 ტურნირის ჩემპიონი გამხდარა - 6-ჯერ ახალი ზელანდია, 4-ჯერ ინგლისი, 3-ჯერ საფრანგეთი და ორჯერ სამხრეთ აფრიკა. ამ ოთხიდან ერთ-ერთი, 18 ივლისს „მიხეილ მესხზე“ ახალგაზრდული ჩემპიონატის მთავარ ჯილდოს - თასს შემართავს და ოქროს მედლების კოლექციას კიდევ უფრო გაამდიდრებს.
6 ჩემპიონობიდან ბოლო, ახალმა ზელანდიამ 2017 წელს სწორედ საქართველოში მოიპოვა; 2023-2025 წლებში კი თასი თანმიმდევრულად - საფრანგეთმა, ინგლისმა და სამხრეთ აფრიკამ შემართეს. აღსანიშნავია, რომ ეს ოთხეული თასის ნახევარფინალში მეოთხედ გავიდა. 2017 წლის გარდა, მედლები მათ 2015 და 2018 წლებში გაითამაშეს.
ვინ ითამაშებს წლევანდელი ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩს 13 ივლისს, „ავჭალაზე“ გაირკვევა. ამ დღეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს საუკეთესო გუნდების დაპირისპირებები გველოდება, რაც მომავალ შეხვედრებს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ახალი ზელანდია - საფრანგეთი (13 ივლისი. 18:00)
პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და მასში ახალი ზელანდია საფრანგეთს შეერკინება. რაგბის ქომაგს შეხსენება არ ჭირდება, რომ ეროვნული ნაკრებების დონეზე, ერთა ჩემპიონატის პირველ ტურში, ახალმა ზელანდიამ და საფრანგეთმა 4 ივლისს ზღაპრული სანახაობა უკვე შემოგვთავაზეს. “ოლ ბლექსმა” ის თამაში 34:32 მოიგო და ახლა “ავჭალაზე” არანაკლებ ინტენსიური რაგბი გველოდება, რომელშიც ფრანგი 20-წლამდელები უფროსი თანაგუნდელებისთვის რევანშის აღებას შეეცდებიან.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ეს გუნდები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვედრიან და მცირედი უპირატესობა სამხრეთელთა მხარესაა. „ჯუნიორ ოლ ბლექსმა“ ოთხი თამაშის მოგება შეძლო, ფრანგების ანგარიშზე კი სამი გამარჯვებაა. ამ 7-იდან ხუთი შეხვედრა სწორედ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე შედგა და ზელანდია 3:2 იგებს. შარშან ნახევარფინალური მატჩი სწორედ ზელანდიელებმა მოიგეს, შარშანწინ კი გამარჯვება ფრანგებს დარჩათ.
განვლილ შვიდ თამაშში ახალმა ზელანდიამ გაიტანა 27 ლელო და ჯამში თავი 197 ქულას მოუყარა, ფრანგების ანგარიშზე კი 25 ლელო და 191 ქულაა.
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი (13 ივლისი. 20:30)
20:30 საათზე იწყება სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის ჯახი. მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვას 2024 წლის ჩემპიონთან ეცდება. ბედის ირონიით, 4 ივლისს, კაცთა ერთა ჩემპიონატზე ამ ქვეყნების დიდი გუნდებიც ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ და აფრიკელებმა 45:21 იმარჯვეს, რაც ინგლისელი ახალგაზრდების მოტივაციას ამაღლებს.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთმანეთს ყველაზე მეტჯერ - 14-ჯერ შეხვედრიან. აქედან 9-ჯერ გამარჯვება ევროპელებს დარჩათ, 5-ჯერ კი წარმატებას სამხრეთელებმა მიაღწიეს.
თასის ნახევარფინალში ინგლისი „ჯუნიორ ბოკეს“ 6-ჯერ შეხვდა და ფინალში გასვლა ყველა ჯერზე მოახერხა. შეძლებს თუ ვერა მოქმედი ჩემპიონი ამ „წყევლის“ განქარვებას, 13 ივლისს „ავჭალაზე“ გამოჩნდება. განვლილ შეხვედრებში ინგლისს ჯამში მეტოქისთვის 42 ლელო და 351 ქულა აქვს გატანილი, სამხრეთ აფრიკამ კი 39 ლელო გაიტანა და 321 ქულა მოაგროვა.
12 ივლისი - მე-5 ადგილის ნახევარფინალები
თასის ნახევარფინალებამდე ერთი დღით ადრე, 12 ივლისს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლების კიდევ ორი დაპირისპირება შედგება. მე-5 ადგილის ნახევარფინალში ერთმანეთს ჯერ არგენტინა და შოტლანდია, მერე კი ავსტრალია და უელსი შეერკინებიან.
კვირა საღამოს, 18 საათზე იწყება არგენტინისა და შოტლანდიის ჯახი, რომელთა კაცთა გუნდებმა 4 ივლისს არგენტინაში ითამაშეს და შოტლანდიელებმა 47:38 მოიგეს.
ახალგაზრდული ჩემპიონატების ურთიერთშეხვედრებში არგენტინა ლიდერობს, რომელმაც მეტოქეს 5 მარცხი აგემა, ერთი თამაში კი შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა.
20:30 საათზე იწყება ავსტრალიისა და უელსის შეხვედრა. ურთიერთშეხვედრებში სამხრეთელები აქაც დიდ უპირატესობას ფლობენ. “ჯუნიორ ვოლაბებმა” უელსს 5 თამაში მოუგეს, “დრაკონების” სასარგებლოდ კი მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა.
RUGBY.GE







