ფეხბურთი

2:01 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამე ნახევარფინალი: დომინანტი საფრანგეთი

საფრანგეთის ნაკრები პირველი ნახევარფინალისტია. დიდიე დეშამის გუნდი აჩვენებს ძალიან დამაჯერებელ თამაშს და ამართლებს მთავარი ფავორიტის სტატუსს.

„მამლებმა“ მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებს შანსი საერთოდ არ მისცეს. ეს იყო წინა მუნდიალის ნახევარფინალის რიმეიქი და იდენტური ანგარიში დაფიქსირდა - მაშინაც და ახლაც, ფრანგებმა 2:0 მოიგეს.

თუმცა, თავისუფლად შეიძლებოდა საფრანგეთს გაცილებით დიდი უპირატესობით მოეგო, საგოლე მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა და მაროკოელთა მეკარე იასინ ბონო ბრწყინვალე რომ არ ყოფილიყო. მთელი თამაშის განმავლობაში დეშამის გუნდი დომიმანტური იყო, უამრავი მომენტი შექმნა. ყველაზე კარგი შანსი კილიან მბაპეს ჰქონდა, პენალტის გატანა მართებდა, მაგრამ ბონომ აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მაროკოს ნაკრებს საპასუხოდ შეტევაში არაფერი ჰქონია, ბურთით მეტოქის ნახევარზეც კი ვერ გადადიოდა. ამ პირობებში, აფრიკელებმა ერთი საათი გაძლეს, მაგრამ მბაპეს მაგიასთან საბოლოოდ მაინც ვერაფერი გააწყვეს - მე-60 წუთზე კილიანმა შორეულ კუთხეში ბონოს შანსი არ დაუტოვა და 1:0. კილიანმა მე-8 გოლი გაიტანა მიმდინარე მუნდიალზე და ლიონელ მესის გაუთანაბრდა, ხოლო იმავე მესის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ერთადერთი გოლით ჩამორჩება - 20 მატჩში 20 გოლი 27 წლის ასაკში: საოცარი მაჩვენებელია.

საფრანგეთის ნაკრებმა მალევე გაზარდა სხვაობა, რითაც თამაშს ისედაც არარსებული ინტრიგა საერთოდ გაუქრო. უსმან დემბელემ იმოქმედა მაჯერად შესანიშნავად და მან მეხუთე გოლი გაიტანა.

2:0 და ძალიან დომინანტური გამარჯვება. შეიძლებოდა, საფრანგეთს, 4-5 გოლი კიდევ გაეტანა. დეშამის გუნდი ძალიან მძლავრად გამოიყურება, აბსოლუტურად საჩემპიონო შთაბეჭდილებას ტოვებს. ვნახოთ, რა იქნება მერვედფინალში.

თუმცა, მაროკო, რომელიც უდიდეს პროგრესს განიცდის და ამ თამაშამდე მუნდიალზეც ჩინებული იყო, ასე დაჩაგრული დიდი ხანია არავის უნახავს.

"მამლები" ზედიზედ მესამედ გავიდნენ ნახევარფინალში და ასევე ზედიზედ მესამედ ფინალში გასვლას ეცდებიან. საფრანგეთი ახლა მეტოქეს დაელოდება, რომელიც ესპანეთი ან ბელგია იქნება.

საფრანგეთი - მაროკო 2:0 (0:0)

ბოსტონი, „ჯილეტ სთედიუმი“

საფრანგეთი (4-2-3-1): მენიანი; კუნდე (გუსტო 87), უპამეკანო, სალიბა, დინი; კონე (ზაირ-ემერი 70), რაბიო; დემბელე, ოლისე, დუე (ბარკოლა 77); მბაპე (მატეტა 77)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

მაროკო (4-2-3-1): ბონო; ჰაკიმი, დიოპი, მაზრაუი, სალაჰ-ედინი (ელ უაჰდი 74); ბუადი (ამრაბატი 62), ელ აინაუი; დიასი (იასინი 74), უნაჰი, ტალბი (სბაი 85); ელ ხანუსი (რაჰიმი 62)

მწვრთნელი: მოჰამედ უაჰბი

გოლები: 1:0 მბაპე (60), 2:0 დემბელე (66)

გაფრთხილება: დიოპი (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (8) - 4 (1) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ფაკუნდო ტელო (არგენტინა)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165047