საქართველოს ნაკრებისა და „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი შესაძლოა ბერგამოს „ატალანტაში“ გადავიდეს.
როგორც ადგილობრივი გამოცემა Peuple-vert-ი იტყობინება, „ატალანტამ“ შეთავაზება უკვე გააკეთა და კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ჩვენი ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილმა „ატალანტასგან“ შეთავაზება მიიღო. იტალიურმა კლუბმა თავიდანვე მნიშვნელოვანი შეთავაზება გააკეთა და მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. როგორც ჩანს, „სენტ ეტიენი“ ამ საკითხში დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მაგრამ განხილული ციფრები იმაზე მიუთითებს, რომ ორივე მხარემ საბოლოოდ შეიძლება შეთანხმებას მიაღწიოს. ჯერჯერობით არაფერია ოფიციალურად ცნობილი, თუმცა „ატალანტას“ ინტერესი რეალურია. ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებენ თუ არა მხარეები მალე შეთანხმებას“, - წერს ფრანგული საიტი.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ 2024 წლიდან თამაშობს და ორივე სეზონში გუნდის ლიდერი და ბომბარდირი იყო (67 მატჩი, 25 გოლი). თუმცა, „მწვანეებმა“ ლიგა 1-ის საგზური ვერ მოიპოვეს, რის გამოც ქართველის წასვლა მოსალოდნელია. მას „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
„ატალანტა“ ბოლო წლებში იტალიაში გამორჩეული გუნდია, მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, მთავარი მწვრთნელი კი მაურიციო სარია.





