ესპანეთის ნაკრებს ნამდვილი ჯოკერი ჰყავს - მიკელ მერინო. „არსენალის“ ნახევარმცველი მერვედფინალში პორტუგალიასთან შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
ისტორია განმეორდა მეოთხედფინალში ბელგიასთანაც, სადაც ესპანეთს ძალიან უჭირდა და მერინომ მოედანზე შესვლიდან ორ წუთში ყველაფერი გადაწყვიტა.
ესპანეთი ბელგიასთან ფავორიტი იყო და თამაშსაც აკონტორლებდა. გოლიც გაიტანა: 30-ე წუთზე ტიბო კურტუას მოგერიებულს ფაბიან რუისმა დაამატა და 1:0. რუდი გარსიას გუნდს საპასუხოდ არაფერი გამოსდიოდა, უნაი სიმონის მშრალი სერიაც გრძელდებოდა. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს ბელგიამ პირველივე შანსით გაათანაბრა - ტიმოთი კასტანის ჩაწოდების შემდეგ შარლ დე კეტელარემ პაუ კუბარსის აჯობა და ანგარიში გაათანაბრა. ამრიგად, დასრულდა სიმონის სარეკორდო სერიაც, რომელიც 650 წუთს გაგრძელდა.
მეორე ტაიმი ისევ ესპანეთის ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ბელგიის ნაკრების კართან ხიფათი იშვიათად იქმნებოდა. თუმცა, გარსიას გუნდს არ გაუმართლა: ჯერ იყო და, მატჩის წინ გუნდს ლიდერი, იური ტილემანსი გამოაკლდა, ხოლო 71-ე წუთზე გარდამტეხი ამბავი მოხდა - ტიბო კურტუა დაშავდა...
რატომ გარდამტეხი? კურტუა სენე ლამენსმა შეცვალა, რომელმაც გადამწყვეტი შეცდომა დაუშვა. 88-ე წუთზე „მანჩესტერის“ კიპერმა ძალიან უხეიროდ მოიგერია ბურთი, პირდაპირ ცხვირწინ და დასწრებაზე შესანიშნავი იყო მიკელ მერინო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.
არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა თამაში, რომ არა ტიბო კურტუას ტრავმა. ახლა კი, ფაქტი სახეზეა: ბელგია მუნდიალს გამოეთიშა, ხოლო ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მეორედ ნახევარფინალშია, პირველად 2010 წლის შემდეგ.
წინ დიდი მატჩია: საფრანგეთი - ესპანეთი, ბოლო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური წყვილი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატზე განმეორდა.
ესპანეთი - ბელგია 2:1 (1:1)
ლოს ანჯელესი, „სოუფაი სთედიუმი“
ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი; პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, ფაბიან რუისი (პედრი 55); იამალი, დანი ოლმო (მერინო 86), ბაენა (ფერანი 55); ოიარსაბალი (ვილიამსი 79)
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
ბელგია (4-2-3-1): კურტუა (ლამენსი 71); კასტანი, ნგოი, მეხელე, დე კუიპერი (სეისი 60); ვანაკენი (ლუკაკუ 60), რასკინი; ტროსარი (ვიტსელი 60), დე ბრუინი (სელმაკერსი 86), დოკუ; დე კეტელარე
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (30), 1:1 დე კეტელარე (43), 2:1 მერინო (88)
გაფრთხილება: კუბარსი (43), ლაპორტი (90) - დე ბრუინი (85), ვიტსელი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 5 (2) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)







