ინგლისის ნაკრებმა დამატებით დროში გატეხა ნორვეგიელები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში და ისტორიაში მეოთხედ გავიდა მუნდიალების ნახევარფინალში. ბრიტანელთა გმირი ჯუდ ბელინგემი გახდა, რომელმაც ტურნირზე მეორე დუბლი მიითვალა, თანაც ორივე პლეი-ოფში და გუნდის ჭეშმარიტ ლიდერად მოგვევლინა.
არ ჩანდა ერლინგ ჰოლანდი. საბოლოოდ, დამატებით დროში შეცვალეს კიდეც. თუმცა ნორვეგიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჯამში ტურნირი წარმატებით ჩაატარეს, მეოთხედფინალს მიაღწიეს და იქ ინგლისს თამაში დამატებით დროში გადაუყვანეს.
ახლა ორიოდ სიტყვა მატჩზეც. ინგლისელებმა თავიდანვე გააკონტროლეს ბურთი, მაგრამ პირველი ნახევარი საათის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სახიფათო მომეტი არ შექმნილა. ძირითადად პოზიციური ბრძოლა მიმდინარეობდა. ორივე გუნდი მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენდა.
ტაიმის ბოლოს კი თამაში გაიხსნა. ჯერ ჰოლანდმა დაარტყა სახიფათო თაური, რომელიც მანამდე საერთოდ არ გამოჩენილა. მალევე „ვიკინგებმა“ ულამაზესი ბურთი გაიტანეს: მოედნის ცენტრთან ჰარი კეინს ბურთი აართვეს, მარცხენა ფრთაზე ანდრეას შელდერუპს გადასცეს და მანაც შორეულ ცხრიანში ზუსტად დაარტყა - 1:0.
ნორვეგიელებმა კიდევ შექმნეს ორიოდ მომენტი, ჯერ სიორლოტმა დაარტყა საჯარიმოს გარედან, მაგრამ ხარიხას გადააცილა, შემდეგ ედეგორი ურტყამდა ახლოდან.
ამასობაში ინგლისელების ჯერიც დადგა, გორდონმა საჯარიმოში ბელინგემი მოძებნა, ჯუდმა ოსტატურად შეიგდო ბურთი და შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა ნიულანდს - 1:1.
უკვე მე-4 დამატებულ წუთზე კეინმაც გამიჩინა თავი ბელინგემის პასით, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე ნორვეგიელებს გაუუქმდათ გოლი. ჰეგემმა კუთხურის კვალად შეაგდო, მაგრამ მანამდე საჯარიმოში ჰოლანდმა მეტოქეს ხელი ჰკრა და ბუნებრივია გოლი აღარ ჩაითვალა.
მერე ნორვეგიელებმა ხარიხასაც გაარტყეს ბურთი. შეცვლაზე შესული ეურსენსი თავით ურტყამდა.
ინგლისელებმა დამატებით დროში იძალეს. 93-ე წუთზე როჯერსმა დაარტყა, ნიულანს ბურთი წინ დაუვარდა და დასწრებაზე ბელინგემმა ყველას აჯობა - 1:2. შესანიშნავ ფორმაშია ბელინგემი. ეს მისი მე-6 გოლი გახლდათ მიმდინარე ტურნირზე. აქედან ორი დუბლი. ჩვენი ინგლისელი კოლეგები მას უკვე ლეგენდებს, ბობი ჩარლტონსა და პოლ გასკოინს ადარებენ.
მალევე ინგლისელებს კიდევ გაუჩნდათ შანსი, როცა სპენსი წააქციეს საჯარიმოში, მაგრამ მსაჯმა ვარ-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი არ დანიშნა.
საბოლოოდ 1:2 ინგლისელების სასარგებლოდ და ნახევარფინალში ისინი არგენტინა - შვეიცარიის წყვილის გამარჯვებულს დაელოდებიან.
ნორვეგია - ინგლისი 1:2 დ.დ. (1:1)
1:0 შელდერუპი (36), 1:1 ბელინგემი (45+2), 1:2 ბელინგემი (93)
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი. მეოთხედფინალი
მაიამი. სტადიონი „ჰარდ როკი“
ნორვეგია: ნიულანი, რიერსონი (ეურსენსი 60), აიერი, ჰეგემი (ესტიგორი 91), ვოლფე (პედერსენი 90), ედეგორი, ბერგე, ბერგი, სიორლოტი (ბობი 68), შელდერუპი (ნუსა 68), ჰოლანდი (ლარსენი 106)
მწვრთნელი: სტოლე სოლბაკენი
ინგლისი: პიკფორდი, კონსა (როჯერსი 89), სტოუნზი, გეჰი, ო’რაილი (სპენსი 86), ანდერსონი, რაისი (ეზე 46), ბელინგემი (ბარნი 111), მადუეკე (საკა 46), გორდონი (ჯეიმსი 71) , კეინი
მწვრთნელი: თომას ტუხელი
მსაჯი: კლემან ტიურპენი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: აიერი (117)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13(4)-14(8) , ბურთის ფლობა: 48%-52%, კუთხურები: 7-4 , თამაშგარე: 1-5 , ჯარიმები: 10-8







