არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ გაიარა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია - შვეიცარიას ძალიან რთულ, მძიმე ბრძოლაში, 120-წუთიან თრილერში აჯობა.
არგენტინის ნაკრებისთვის თამაში იდეალურად დაიწყო - სწრაფი გოლით. „ალბისელესტემ“ უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა და მეტოქის საჯარიმოს უტრიალებდა, რამაც შედეგი გამოიღო: ლიონელ სკალონის გუნდმა ისევ კუთხურიდან გაიტანა - მესიმ ჩააწოდა და ალექსის მაკალისტერმა თავით შეაგდო. ეს იყო მესის მე-10 საგოლე პასი მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
თუმცა, მატჩის გაგრძელება ისეთი ვერ გამოვიდა სამხრეთამერიკელებისთვის, როგორიც დასაწყისი იყო. შვეიცარიის ნაკრები ტრადიციულად ძალიან ორგანიზებული იყო და მეტოქეს აღარ აძლევდა მომენტების შექმნის უფლებას და პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა.
სამაგიეროდ, მეორე ტაიმში შეიცვალა. მურატ იაკინის გუნდმა უფრო აქტიურად შეუტია და ემილიანო მარტინესის კართან ხიფათის შექმნაც დაიწყო. 67-ე წუთზე შვეიცარიამ შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშა და დინ ნდოიემ გაიტანა - 1:1.
თითქოს, არგენტინა პრობლემებში აღმოჩნდა, შვეიცარიის ნაკრებს მუხტი ჰქონდა დაჭერილი, მაგრამ 72-ე წუთზე ბრილ ემბოლომ სისულელე ჩაიდინა - სიმულაციის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. კაცნაკლულ შვეიცარიასთან არგენტინამ მოიპოვა უპირატესობა, თუმცა, ევროპელებიც თავს მედგრად იცავდნენ და ძირითად დროში არაფერი შეიცვალა.
დაინიშნა დამატებითი დრო და თამაშის სურათი იგივე იყო: არგენტინა ცდილობდა შეტევას, მაგრამ შვეიცარია 10 კაცით თავს იცავდა, მეკარე გრეგორი კობელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, როცა საქმეში მისი ჩართვა საჭირო გახდა. სკალონის გუნდს არაფერი გამოსდიოდა და საქმე პენალტებამდე უნდა მისულიყო.
რომ არა, ხულიან ალვარესი, რომელმაც 112-ე წუთზე შორი მანძილიდან გაისროლა და დიდებული გოლით არგენტინა ნახევარფინალში გაიყვანა. 121-ე წუთზე კონტრშეტევაზე არგენტინამ მესამეც გაიტანა, ლაუტარო მარტინესმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1. თუმცა, ცხადია, გადამწყვეტი ალვარესის შედევრი იყო.
მოკლედ, „ალბისელესტემ“ პლეი-ოფში სამივე მატჩში იწვალა, ორში დამატებითი დრო დასჭირდა, ეს იმის მიუხედავად, რომ სხვებთან შედარებით ადვილი ბადე ჰქონდა - კაბო ვერდე, ეგვიპტე, შვეიცარია. თუმცა, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, არგენტინა ნახევარფინალშია და წინ ინგლისის ნაკრებთან დაპირისპირება ელოდება.
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი დაკომპლექტდა: საფრანგეთი - ესპანეთი და არგენტინა - ინგლისი.
ამრიგად, შეიძლება განმეორდეს წინა მუნდიალის ფინალი (არგენტინა-საფრანგეთი) ან სულაც, ევრო 2024-ის ფინალი (ინგლისი-ესპანეთი).
არგენტინა - შვეიცარია 3:1 დ.დ (1:0)
გოლები: 1:0 მაკალისტერი (10), 1:1 ნდოიე (67), 2:1 ალვარესი (112), 3:1 ლაუტარო (121)







