ფეხბურთი

20:05 | 13.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბევრისთვის ნაადრევი ფინალი: ტიტანების დუელი ნახევარფინალში

მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალური ეტაპიც იწყება, ეტაპი, რომელსაც ალბათ, დღეისთვის მსოფლიოს ოთხი საუკეთესო ნაკრები შემორჩა.

ყოველ შემთხვევაში, ფიფას რეიტინგი ამას გვეუბნება და ისტორია კი იმას, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ოთხივე ის ნაკრები გავიდა, რომელიც ფიფას რეიტინგში მოწინავე ოთხ პოზიციას იკავებს.

ამჯერად, საფრანგეთი - ესპანეთის მატჩზე ვისაუბრებთ, რომელსაც დიდი აფიშა აქვს, ბევრისთვის, ფარული ფინალიც სწორედ ეს თამაშია.

ბოლო ევროპის ჩემპიონატის და ერთა ლიგის ნახევარფინალების რიმეიქი. ორივე გუნდი აქამდე ძალიან დამაჯერებლად მოვიდა: საფრანგეთმა ექვსივე თამაში მოიგო, კილიან მბაპეს, უსმან დემბელესა და მაიკლ ოლისეს ტრიო სულაც ბრწყინავს, ხოლო ესპანეთმა პირველ ტურში კაბო ვერდეს ვერ აჯობა, მაგრამ შემდეგ ყველა მეტოქე დაამარცხა. თუმცა, შედარებით გაუჭირდა მეოთხედფინალში ბელგიასთან, სადაც მიკელ მერინომ ისევ გმირის მანტია მოირგო - შევიდა და გაიტანა, ისე, როგორც მანამდე პორტუგალიასთან. მერინო ლუის დე ლა ფუენტეს ნამდვილი ჯოკერია და ძირითად შემადგენლობაში არც ახლა იქნება.

ზოგადად, საკადრო პრობლემებს არცერთი მწვრთნელი უჩივის, შესაბამისად, შეუძლიათ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გაიყვანონ.

ესპანეთი სულ მეორედაა მუნდიალის ნახევარფინალში, 2010 წელს იყო პირველად და მაშინ ჩემპიონიც გახდა. ზოგადად, „ფურია როხას“ დიდ ტურნირებზე 7 ნახევარფინალი აქვს ნათამაშები და 6-ჯერ ფინალში გავიდა, გამონაკლისია ევრო 2020, როცა იტალიასთან დამარცხდა.

საფრანგეთის ნაკრები მუნდიალის ნახევარფინალში მერვედაა. წინა 7-დან 4 მოიგო, ხოლო 3 წააგო. აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა პირველი სამი ნახევარფინალი წააგეს (1958, 1982, 1986), ხოლო ბოლო ოთხი მოიგეს (1998, 2006, 2018, 2022).

საფრანგეთი გერმანიისა და ბრაზილიის მნიშვნელოვან მიღწევასაც უტევს: ზედიზედ სამი ფინალი მუნდიალზე. დიდიე დეშამის გუნდი თუ მოიგებს, ამას მოახერხებს. ეს კი აქამდე, მხოლოდ გერმანიას (1982, 1986, 1990) და ბრაზილიას (1994, 1998, 2002) გაუკეთებიათ. თავის მხრივ, თუ საფრანგეთი მოიგებს, დეშამი გახდება პირველი მწვრთნელი, რომელიც ზედიზედ მესამედ იქნება ფინალში.

გარდა ამისა, საფრანგეთს შანსი აქვს, იტალიის მიღწევა გაიმეოროს და გახდეს მეორე ევროპული ნაკრები, რომელიც მუნდიალზე ზედიზედ 7 თამაშს მოიგებს. იტალიამ ეს შორეულ 1934 და 1938 წლებში შეძლო. ესპანეთის ნაკრები კი დიდ ტურნირებზე ბოლო 14 მატჩში დაუმარცხებელია და ამ მატჩებში სულ 5 გოლი გაუშვა (ერთზე მეტი გოლი თამაშში არ გაუშვია).

ესპანეთის ნაკრებს საფრანგეთთან ურთიერთშეხვედრებშიც აქვს უპირატესობა - 18 მოგება, 7 ფრე და 13 წაგება. განსაკუთრებით, ბოლო წლებში, რადგან ამ ნაკრებების უკანასკნელი 10 დაპირისპირებიდან 7 „ფურია როხამ“ მოიგო, ერთხელ ფრე დაფიქსირდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა საფრანგეთმა.

ბოლო ორ წელიწადშიც ესპანეთმა აჯობა მეტოქეს ორჯერ: 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 2:1 და შარშან ერთა ლიგაზე - 5:4. ამიტომაცაა, რომ ესპანეთის ნაკრებიდან ისმის განცხადებები: „საფრანგეთის არ გვეშინია“.

მას შემდეგ, რაც ესპანეთმა ბელგია დაამარცხა, იამალმა თქვა: „არსებობს ორი შესაძლებლობა: ან ისინი ზედიზედ სამჯერ გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, ან მათ ზედიზედ მესამედ დავამარცხებთ. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ საერთოდ არ გვეშინია“.

კონკრეტულად მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთი-საფრანგეთი ერთადერთხელ იყო, ზუსტად 20 წლის წინ. 2006 წლის მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთმა ესპანეთი 3:1 დაამარცხა.

საფრანგეთი - ესპანეთის მატჩი 14 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება და მას დალასის სტადიონი უმასპინძლებს.

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი: მენიანი; კუნდე, უპამეკანო, სალიბა, დინი; კონე, რაბიო; დემბელე, ოლისე, დუე; მბაპე

ესპანეთი: სიმონი; პედრო პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; ფაბიან რუისი, როდრი; იამალი, დანი ოლმო, ბაენა; ოიარსაბალი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090552