18 ივლისს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე, 20:30 საათზე, 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა შეიბმებიან.
იმევე დღის 18 საათზე, ასევე “მიხეილ მესხზე” მესამე ადგილისთვის მატჩი დაიწყება, რომელშიც ახალი ზელანდია ინგლისს შეერკინება.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს სარაგბო გრანდების დაპირისპირება ავჭალიდან ვაკეში ინაცვლებს. რაგბის ქართველ ქომაგს სარაგბო კლასიკების კიდევ ორი დაპირისპირება ელოდება, თანაც ერთ დღეს და ერთ სტადიონზე. შეიცვალნენ წყვილები და რაღა თქმა უნდა შეიცვალა დატვირთვაც - მთავარ მატჩში სასწორზე ტიტული და ოქროს მედლები დევს, მეორე შეხვედრაში კი ბრინჯაოს მედლები გათამაშდება.
აღსანიშნავია, რომ ინგლისს ბრინჯაოს მედლები აქამდე არასდროს მოუპოვებია, “ჯუნიორ ოლ ბლექსი” კი მესამე ადგილზე ორჯერ გავიდა (2014 და 2024 წლებში). სატიტულო შეხვედრაში კი “ჯუნიორ ბოკე”, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ტიტულის მოგებას და თასის ჯამში მესამედ მოგებას ეცდება, მაშინ, როდესაც ფრანგები 2023 წლის შედეგის გამეორებას და ჯილდოს მეოთხედ მოპოვებას შეეცდებიან. თუ ფრანგებმა შეძლეს სამხრეთ აფრიკელთა დამარცხება, ისინი ტიტულების რაოდენობით ინგლისს გაუტოლდებიან.
ჩრდილოეთისა და სამხრეთის ტიტანების ჯახი 13 ივლისს ნახევარფინალური მატჩებით დაიწყო. პირველები მოედანზე ახალი ზელანდია და საფრანგეთი გავიდნენ. დრამატულ მატჩში “ჯუნიორ ოლ ბლექსი” ოთხჯერ დაწინაურდა, მაგრამ საფრანგეთმა, რომელიც ძალისმიერ თამაშში უპირატესობას ფლობდა, ოთხივეჯერ შეძლო პასუხის დაბრუნება და მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი, მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა.
ზელანდიელები ითან ვებერის ლელოთი და კოენ ნორის გარდასახვით მალევე დაწინაურდნენ, რაზეც ფრანგებმა ტაიმის შუაში კვაჭ გაბინ გაროს ლელოთი და ლუკა კელეტაონას გარდასახვით უპასუხეს. ამ ეპიზოდს ზელანდიელის გასინბინებაც მოყვა, თუმცა კაცნაკლულმა კუნძულელებმა 27-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანეს. ამჯერად თავი ჰენრი სტუარტმა გამოიჩინა. გარუმ მეტოქეს თავისი მეორე ლელოთი 33-ე წუთზე უპასუხა და რადგან გარდასახვაც ზუსტი იყო, ტაიმი 14:12 დასრულდა.
ზელანდიელები მესამედ მეორე ტაიმის შუაში, ფინ მაკლეოდის ლელოთი დაწინაურდნენ და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს, მაგრამ როგორც წინა ეპიზოდებში, საფრანგეთმა მალევე, სამ წუთში უპასუხა. ამჯერად ლელო შეცვლაზე შესულმა კვაჭმა ელია მასიმ გაიტანა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, ანგარიში 19:19 გახდა. გაშვებულ ლელოს სინბინით კიდევ ერთი ზელანდიელი შეეწირა.
“ჯუნიორ ოლ ბლექსი” ფინალს მაშინ დაუახლოვდა, როდესაც მიკა მულიაინამ 72-ე წუთზე გატანილი ჯარიმით თავისიანებს 3-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა, თუმცა საფრანგეთმა ამჯერადაც უპასუხა, ადრიენ დრაულტიმ ლელოთი წერტილი დასვა, ხოლო დიეგო იურდიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 26:22.
მეორე ნახევარფინალში ბრძოლა მხოლოდ ერთი ტაიმი გაგრძელდა. ინგლისი პირველ ნახევარში თამაშს აკონტროლებდა და ადრეული ლელოთი დაწინაურდა. “ჯუნიორ ბოკემ” გაშვებულ ლელოს სწრაფად უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა ბრიტანელებმა ჯერ ჯარიმით და მერე გარდასახული ლელოთი, საკუთარი უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს. ეს 30-ე წუთზე მოხდა, ორიოდე წუთში კი სებ კელიმ ბოჭვის შემდეგ წაქცეულ მეტოქეს თავი სახეში უთავაზა და საკუთარი გუნდი დააღალატა - მსაჯმა ის მატჩის ბოლომდე წითელი ბარათით, სრულიად დამსახურებულად გააძევა.
ხუტაძო რასივაგას ორი წუთი დასჭირდა თავისი პირველი ლელოს გასატანად, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი რომ იყო, ინგლისმა შესვენების წინ ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა - 20:12.
მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა სამხრეთ აფრიკამ მეორე ტაიმის სტარტზევე ძალიან კარგად გამოიყენა. რასივაგამ და კებოტილე მააკემ ორ-ორი ლელო გაიტანეს და 53-ე წუთისთვის მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტეს. ინგლისმა ბოლო წუთამდე ითამაშა და დარჩენილ დროში სამი ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა თავად ერთ ლელოსთან ერთად, ორი ჯარიმაც გაუშვა და სამხრეთ აფრიკამ 53:37 გაიმარჯვა.
13 ივლისი. თასის ნახევარფინალები
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 26:22
სამხრეთ აფრიკა - ინგლისი 53:37
18 ივლისი
მესამე ადგილისთვის. „მიხეილ მესხი“. 18:00
ახალი ზელანდია - ინგლისი
ფინალი. „მიხეილ მესხი“. 20:30
საფრანგეთი - სამხრეთ აფრიკა
RUGBY.GE







