ფეხბურთი

16:25 | 14.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მონატრებული კლასიკა დიდი ხნის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ნამდვილი კლასიკა გველოდება, არგენტინა - ინგლისი.

თუმცა, მონატრებული, ცოტა მივიწყებული კლასიკაც, რადგან ეს ნაკრებები ბოლოს 21 წლის წინ შეხვდნენ, ოფიციალურ მატჩში სულაც 24 წლის წინ.

არგენტინა მოქმედი ჩემპიონის სტატუსით და ტიტულის შენარჩუნების ამბიციით გავა მოედანზე, ინგლისი კი 60 წლის ტიტულის დაბრუნების იმედით.

არგენტინა პირველი ნაკრებია ისტორიაში, რომელიც მუნდიალის ნახევარფინალში ისე გავიდა, რომ მანამდე გზად არ შეხვედრია არცერთი ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგის ტოპ 10-შია. თუმცა, ლიონელ სკალონის გუნდს მაინც ძალიან გაუჭირდა. პლეი-ოფში კაბო ვერდესთან, ეგვიპტესა და შვეიცარიასთან ბეწვის ხიდზე სამჯერ გაიარა, მაგრამ კლასის და გამოცდილების ხარჯზე წარმატებას სამჯერვე მიაღწია.

ინგლისის ნაკრებსაც არ ჰქონია საქმე ადვილად: დრ კონგო, მექსიკა და ნორვეგია უმძიმეს ბრძოლებში დაამარცხა. ეს ყველაფერი დიდწილად ჯუდ ბელინგემის დამსახურებაა, რომელმაც ბოლო ორ საპლეი-ოფო მატჩში 4 გოლი გაიტანა. არც ჰარი კეინი უნდა დავივიწყოთ და დუბლი დრ კონგოს ნაკრებთან.

თუ არ ჩავთვლით ჯორდან ჰენდერსონის ტრავმას, გუნდები მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გავლენ. ეს იქნება 1986 წლის დაუვიწყარი მატჩის ანარეკლი, ან 1998 წლის, არანაკლებ ცნობილისა და დრამატულის. მოკლედ, ინგლისი-არგენტინას დიდი აფიშა აქვს, რომელშიც ყველაფერი მოსალოდნელია.

ინგლისის ნაკრები 2018 წლიდან მოყოლებული დიდი ტურნირის (მუნდიალი და ევრო) ნახევარფინალში მეოთხედ გავიდა (ხუთი შესაძლებლობიდან) და რაც ზუსტად ისეთივე მაჩვენებელია, როგორიც 2018 წლამდე ინგლისს ჰქონდა - მანამდე სულ 4-ჯერ იყო დიდი ტურნირის ნახევარფინალში გასული.

თომას ტუხელს შანსი აქვს, გახდეს მეოთხე მწვრთნელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავა, როგორც უცხო ქვეყნის თავკაცი. ეს ბოლოს ავსტრიელი ერნსტ ჰაპელმა შეძლო, რომელმაც 1978 წელს ნიდერლანდები გაიყვანა ფინალში. და, ტუხელს აქვს შანსი მარჩელო ლიპის და ვისენტე დელ ბოსკეს მიღწევაც გაიმეოროს, რაც შემდეგში მდგომარეობს: მხოლოდ ლიპის და დელ ბოსკეს აქვთ მოგებული მწვრთნელის რანგში, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატი, ისე ჩემპიონთა ლიგა. ტუხელმა საკლუბო ტურნირი უკვე მოიგო, ახლა მუნდიალს უმიზნებს.

თავის მხრივ, ლიონელ სკალონის შეუძლია მეშვიდე მწვრთნელი გახდეს, რომელიც ორჯერ იქნება მუნდიალის ფინალში. არგენტინელთაგან ასეთი შედეგი მხოლოდ კარლოს ბილარდოს აქვს (1986, 1990).

არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მეექვსედაა (ერთხელ ფინალში ისე გავიდა, რომ ტურნირის ფორმატში მაშინ ნახევარფინალი არ იყო - 1978). წინა ხუთივე ნახევარფინალი „ალბისელესტემ“ მოიგო და 100%-იანი მაჩვენებელი აქვს, ამ მხრივ, ეს საუკეთესო შედეგია.

ინგლისს არგენტინასთან სულ ორი მარცხი აქვს (14 მატჩიდან). სამაგიეროდ, 6 მოიგო, ხოლო 6-ჯერ ფრე დაფიქსირდა. თუმცა, ამ ფრეებიდან ერთ-ერთია 1998 წლის მუნდიალის მერვედფინალი, როცა ინგლისი პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

არგენტინა და ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 1962 წელს ჯგუფში ინგლისმა 3:1 მოიგო, ოთხი წლის შემდეგ მეოთხედფინალში ისევ ინგლისი იყო უკეთესი (1:0). 1986 წელს, არგენტინამ მეოთხედფინალში 2:1 გაიმარჯვა, დიეგო მარადონას ღმერთის ხელის და საუკუნის გოლის წყალობით. კიდევ ერთი დაუვიწყარი დუელი 1998 წელს, მერვედფინალში შედგა - ფრე 2:2 და პენალტებში არგენტინა უკეთესი იყო (4:3). ამას მოჰყვა 2002 წელს, ჯგუფური ეტაპის დუელი და ინგლისმა დევიდ ბექჰემის პენალტით 1:0 მოიგო. ბოლოს ინგლისის და არგენტინის გზები 2005 წელს გადაიკვეთა და ამხანაგურ შეხვედრაში ალბიონელებმა 3:2 მოიგეს.

არგენტინა მეექვსედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისთან და მხოლოდ გერმანიას შეხვედრია ამ ტურნირზე უფრო მეტჯერ, ხოლო ნიდერლანდებთან ასევე 6 მატჩი აქვს. მუნდიალზე, იმ ნაკრებებთან, რომლებთანაც მინიმუმ სამჯერ მაინც უთამაშია, არგენტინას მხოლოდ იტალიასთან (0%), გერმანიასთან (14.3%) და ნიდერლანდებთან (16.7%) აქვს მოგების უფრო დაბალი პროცენტული მაჩვენებელი, ვიდრე ინგლისთან (20% - 1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება).

და, ვინაიდან, ეს ნაკრებები 21 წელია არ შეხვედრიან, ლოგიკურია, რომ ლიონელ მესის არასდროს აქვს ნათამაშები ინგლისთან. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ლეო თავის 20-წლიან სანაკრებო კარიერაში "სამი ლომის" წინააღმდეგ ითამაშებს.

მატჩი 15 ივლისს, 23:00 საათზე, ატლანტაში გაიმართება.

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი: პიკფორდი, კონსა, სტოუნსი, გეჰი, ორაილი; რაისი, ანდერსონი; მადუეკე, ბელინგემი, გორდონი; კეინი

არგენტინა: ე. მარტინესი; მოლინა, რომერო, ლ. მარტინესი, ტალიაფიკო; დე პაული, პარედესი, მაკალისტერი, ფერნანდესი; მესი, ალვარესი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086137