"იბერიას" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე დემჩენკომ და გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ "ფლორასთან" ორი მატჩის ჯამში მოგებული 5:4 მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.
ანდრეი დემჩენკო - "არ ვიღიმი, რადგან შედეგით უკმაყოფილო ვარ და მატჩი ფრედ დავასრულეთ. ჩვენს მენტალურ პრობლემებზე ვიმუშავებთ და ვეცდებით დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ბურთის კონტროლი და ეს 90 წუთის განმავლობაში უნდა გაგვეკეთებინა.
"სლოვანის" თამაშები ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ბევრად რთული მოწინააღმდეგე გვეყოლება, ვიდრე "ფლორა" იყო. ამიტომ საქმეს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.
ნიკა სიხარულაშვილის თავდამსხმელად დაყენება ჩემი გადაწყვეტილება იყო, ის საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია, რომელიც ჩემს სათამაშო სტილს ერგება. რაც შეეხება ანდრია ბართიშვილის ტრავმას, მან დაზიანება რამდენიმე დღით ადრე მიიღო, თუმცა გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის და დიდი ალბათობით ის "სლოვანის" წინააღმდეგ პირველი მატჩისთვის მზად იქნება",
გიორგი ჯინჯოლავა - "დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ფეხბურთში ადვილი მეტოქე არ არსებობს. მეორე ტაიმში ცოტა ჩავარდნები გვქონდა, რაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ და გამოვასწოროთ.
"იბერია" ყოველ წელს ვითარდება და ეს ფაქტია. 7-წლის წინაც ჩვენ ვიყავით, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა. მაშინ არ გაგვიმართლა, თუმცა ახლა გაცილებით მეტი შანსი გვაქვს და ვეცდებით, რომელიმე ჯგუფში შევიდეთ.
"სლოვანი" გაცილებით ძლიერი გუნდია, ვიდრე "ფლორა" იყო, მაგრამ ვეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ - მაღალი პრესინგი და ბურთის ფლობა. სხვა ტაქტიკურ ცვლილებებზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვეცდებით მეორე ეტაპიც გადავლახოთ", - განაცხადა ჯინჯოლავამ.
"იბერია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს "სლოვანის" წინააღმდეგ თბილისში 21 ივლისს გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს გაიმართება.





