„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „მონდორფთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
მან ისაუბრა გულშემატკივრების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სურთ, რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადალახონ.
„თქვენი აქ მოსვლა ბევრს ნიშნავს, რადგან „დინამოს“ თამაში მთელ საქართველოს ეხება. რა თქმა უნდა, თბილისის გუნდია, მაგრამ მთელ საქართველოს ეკუთვნის. მნიშვნელოვანი თამაშია, არ აქვს მნიშვნელობა, რომ სტუმრად მოვიგეთ, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ. გვინდა, რომ მოვიგოთ, იმედი მაქვს, ხალხი მოვა, რადგან ფეხბურთი უმაყურებლოდ არ წარმომიდგენია.
ახალმა ფეხბურთელებმა ბოლო მატჩებში თავი გამოიჩინეს, იმედია, კიდევ გაძლიერდება გუნდი, სხვა ფეხბურთელებიც მოვლენ. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ამ ტურნირზე.
ადვილი თამაში არ არსებობს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენი ჩემპიონატი უფრო ძლიერი ყოფილიყო. ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენც, სხვა კლუბებიც, რომ რაც შეიძლება კვალიფიციური ფეხბურთელები ჩამოვიყვანოთ და გუნდი გავაძლიეროთ. აქამდე, ყოველ მესამე დღეს თამაში გვიწევდა, შეიძლება რომელიმე გუნდი რიტმიდან ამოვარდნილია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „იბერია“ შემდეგ ეტაპზე გავიდა, ეს მთელი საქართველოს გამარჯვებაა. თამაშის ბოლოს რაღაც დაბნეულობა იყო, მაგრამ მთავარია, გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა. იმედი მაქვს, ჩვენც გავალთ, მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ ეს თამაში მოვიგოთ.
„დინამო არენა“ ჩვენი სტადიონია, ძალიან კარგი მინდორი იყო, იმედია, უკეთესი იქნება, მაგრამ ჩვენც არ ვიცით, როდის დავბრუნდებით და იქნება მზად, ამბობენ, რომ სექტემბრამდე შეიძლება „დინამო არენაზე“ ვერ ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, გვერჩივნა, რომ „დინამო არენაზე“ გვეთამაშა, მაგრამ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. ასე მოხდა, დაველოდებით, იმედია, რომ „დინამო არენაზე“ ევროტურნირების თამაში მოგვიწევს.
დღევანდელ ფეხბურთში გუნდების ყოფნა-არყოფნის საკითხი დამოკიდებულია ტელევიზიაზე და გულშემატკივრებზე. სამწუხაროდ, ეს ორი ძალიან დიდი დახმარება, ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს, რადგან ფეხბურთს ტელევიზიით არ ვაჩვენებთ და ხალხიც სტადიონზე ნაკლებად მოდის. ევროტურნირის თამაშია და იმედია, გულშემატკივარი მოვა, უფრო მეტი, ვიდრე ბოლო თამაშზე იყო, როცა 7 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ბევრს ვსაუბროთ ამ თემაზე, მაგრამ რა ვქნათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიების მხრიდან თამაშის გაშუქებას, ქართულ ტელევიზიებს ურჩევნიათ თურქული და ბრაზილიური სერიალები აჩვენონ, ვიდრე ევროტურნირებზე ქართული გუნდების თამაში“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისს“ პირველი მატჩი სტუმრად 2:1 აქვს მოგებული და საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.







