თბილისის „დინამომ“ ურთულეს ბრძოლაში, დამატებით დროში დაამარცხა ლუქსემბურგული „მონდორფი“ (1:1; ორი მატჩის ჯამში 3:2) და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდა.
ერთი კვირის წინათ ლუქსემმბურგში სტუმრად განარჯვების შემდეგ (1:2), საპასუხო მატჩის წინ დინამოელები თავდაჯერებული იყვნენ. მათმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა კიდეც, მეტოქეს კარგად მომზადებულები ვხდებითო.
სერიოზული განწყობა მასპინძლებს თავიდანვე ეტყობოდათ. სტუმრებიც საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. სახიფათო მომენტები თავიდან ბევრი არ ყოფილა. ყველაზე დასამახსოვრებელი მათე ვაწაძის ეპიზოდი გახლდათ, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დარტყმა აღარ გამოუვიდა.
56-ე წუთზე მინდორზე უმცროსი კვარაცხელია, თორნიკე გამოჩნდა კობა კაკაშვილის ნაცვლად და მაშინვე შეიტანა დინამიკა თამაშში, ჯერ ბას მკერდით შეაყოლა ბურთი საჯარიმოში, მაგრამ ამ უკანასკნელმა კარგად ვერ დაარტყა. შემდეგ შესანიშნავი დრიბლინგით პენალტი მოინადირა. ბამ კი ნიშნულიდან მეკარეს ვერ აჯობა.
ბოლოსკენ კი მოხდა ის, რაც ჩვენ გუნდებს ხშირად ემართებათ ხოლმე - დაცვაში ყურადღება ოდნავ მოადუნეს, სტუმრებმა მარჯვენა ფრთიდან კუთხური მოაწოდეს და საჯარიმოში კლემან კუტიურიემ თავით ყველას აჯობა - 0:1. თამაში დამატებით დროში გადავიდა.
დამატებითი დრო დრო სტუმრებმა უკეთ დაიწყეს, მაგრამ „დინამომ“ ხასიათი გამოავლინა, ბამ კი შეცდომა გამოასწორა, შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა და ისევ პენალტი. ამჯერად ბურთთან ნიკა ნინუა მივიდა და ზუსტად დაარტყა - 1:1.
ქეცბაიას „დინამო“ ევროთასის შემდგომ ეტაპზეა, სადაც მისი მეტოქე ლიეტუვური "ჟალგირისი" იქნება.
დინამო (თბილისი) - მონდორფი (ლუქსემბურგი) 1:1 დ. დ. (0:0)
0:1 კუტიურიე (87), 1:1 ნინუა (111 პენ)
დინამო: ლორია, პსალტისი (ქვარცხავა 85), კურდიჩი, კალანდაძე, სანტოსი, კაკაშვილი, ოსეი, ნინუა (უგრეხელიძე 115), ბა, ვაწაძე (ხარაბაძე 46), დო კოუტო (ციკოლია 120)
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია







