ფეხბურთი

10:26 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი და ინგლისი ბრინჯაოსთვის, მბაპე - ბომბარდირობისთვის

მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები სულ სხვა ამბიციით და მიზნით ჩავიდნენ, მაგრამ ნამდვილი ფინალის ნაცვლად, მესამე ადგილისთვის ფინალში თამაში მოუწევთ.

საფრანგეთმა ზედიზედ 6 მოგების შემდეგ ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებთან წააგო, უშანსოდ, არანაირი მომენტი დიდიე დეშამის გუნდს არ შეუქმნია და არც მოგება დაუმსახურებია.

ინგლისის ნაკრები კი არგენტინასთან დამარცხდა, არადა, იგებდა, მაგრამ გოლის შემდეგ მთელი ინგლისი საჯარიმოში ჩადგა და ეს დამღუპველი გამოდგა - თომას ტუხელის გუნდმა ბოლოს ორი გოლი გაუშვა და ფინალს მიღმა დარჩა, რომელსაც 60 წელია ვერ აღწევს.

საფრანგეთის ნაკრებში დიდი ეპოქა სრულდება. დეშამს კრიტიკოსები ჰყავს, მაგრამ ფაქტია, რომ 12 წლის განმავლობში „მამლებმა“ მის ხელში დიდი პროგრესი განიცადეს და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს, ფინალიც ითამაშეს, ერთა ლიგა მოიგეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალიც. შეიძლება, დეშამის საფრანგეთს მეტი შეეძლო, მაგრამ ურიგო შედეგი მაინც არ ჰქონია.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში მესამე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. მესამე ადგილზე ისინი 1958 და 1986 წლებში გავიდნენ, ხოლო ინგლისს ეს მედალი მუნდიალზე არ მოუგია.

კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ისინი ფრანგი გულშემატკივრებისთვის და დიდიე დეშამისთვის ითამაშებენ. მბაპეს პირადი მიზნებიც აქვს - 8 გოლით მესისთან ერთად ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში ლიდერია და გოლ(ებ)ი სჭირდება.

ინგლისის ნაკრებზეც შეიძლება იგივე ითქვას: ჰარი კეინს და ჯუდ ბელინგემს 6-6 გოლი აქვთ. თუმცა, ალბათ, ნახევარფინალების სცენარიდან გამომდინარე ინგლისი უფრო იმედგაცრუებული უნდა იყოს, მოგებასთან ახლოს იყო და წააგო. ფეხბურთი სახლში ისევ ვერ დაბრუნდა, ინგლისის ნაკრებმა ბოლო წლებში მოუმატა, ნახევარფინალში დიდ ტურნირებზე მუდმივად გადის, მაგრამ ბოლო ნაბიჯს მაინც ვერ დგამს - რაღაც აკლია.

ინგლისი საფრანგეთთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფლობს - 17 მოგება, 5 ფრე, 10 წაგება. თუმცა, 21-ე საუკუნეში ფრანგები უკეთესები არიან. უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და ინგლისი წინაა: 1966 და 1982 წლებში, ჯგუფურ ეტაპზე ინგლისმა შესაბამისად, 2:0 და 3:1 მოიგო, ხოლო წინა მუნდიალის მეოთხედფინალში საფრანგეთმა 2:1 გაიმარჯვა, როცა ჰარი კეინმა პენალტი ვერ გაიტანა. მას შემდეგ ეს ნაკრებები არც შეხვედრიან. ისინი ერთმანეთს ამ საუკუნეში ორჯერ ევროპის ჩემპიონატზეც შეხვდნენ: 2004 წელს საფრანგეთმა ზინედინ ზიდანის დუბლით 2:1 მოიგო, ხოლო 2012 წელს ფრე 1:1 დაფიქსირდა.

შემადგენლობებში გარკვეული როტაცია მოსალოდნელია, მაგრამ დეშამს იძულებითი ცვლილებაც მოუწევს - ვილიამ სალიბა მოედანზე ტრავმის გამო ვერ გავა.

მატჩი მაიამიში ჩატარდება და თბილისის დროით 19 ივლისს, 01:00 საათზე გაიმართება.

სავარაუდო შემადგენლობები:

საფრანგეთი: მენიანი; კუნდე, კონატე, ლაკრუა, ტ. ერნანდესი; კონე, ზაირ-ემერი; შერკი, ოლისე, დუე; მბაპე

ინგლისი: პიკფორდი; სპენსი, კონსა, გეჰი, ორაილი; რაისი, ანდერსონი; როჯერსი, ბელინგემი, გორდონი; კეინი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163964