რაგბი

14:20 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | მიზანი სამი მოგებაა - დავით ნინიაშვილი

ბორჯღალოსნების კაპიტანი დავით ნინიაშვილი მსოფლიო რაგბის ერთა თასის განვლილ ორ შეხვედრას აფასებს და ჩილესთან დაპირისპირების შესახებ საუბრობს.

მსოფლიო რაგბის ახალი ფორმატის თამაშების შესახებ, კაპიტანმა ჩილესთან 18 ივლისს, 21 საათზე სანტიაგოში გასამართი მატჩის წინ ისაუბრა:

„პირველი თამაში ყოველთვის გვიჭირს და ასე იყო ურუგვაისთან, თუმცა სამოასთან თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და ჩემი აზრით, ამ ტურნირზე საუკეთესო გუნდთან, ჩვენი თამაში ვაჩვენეთ, როგორც შერკინებაში, ასევე ხაზში. ურუვაისთან ბევრი შეცდომა გვქონდა, რისი დიდი ნაწილიც სამოასთან გამოსწორდა და შედეგიც სახეზეა“.

„ურუგვაისთან ცენტრში ვითამაშე. 13 ნომერზე კლუბში ორჯერ მომიწია თამაში და ეს ჩემთვის უცხო პოზიცია არ იყო. პირადად მე, მიყვარს პოზიციების ცვლა - ახალის ძიება, ახალის ცდა და ვფიქრობ, ყვითელი ბარათის მიუხედავად, თავი ნორმალურად წარმოვაჩინე. შეიძლება საუკეთესო შეხვედრა არ მქონდა, თუმცა ყოველთვის ღია ვარ ახალი გამოცდილების მისაღებად“.

„23 წლისას ნაკრებში უკვე 50 კეპი მომიგროვდა. ნაკრებში მოხვედრა და ბორჯღალოსნების კვართით თამაში, ყველასთვის ძალიან დიდი ოცნებაა. ეს ოცნება რამდენიმე წლის წინ ავიხდინე და დღეს უკვე 50 თამაში მაქვს ჩატარებული ჩემი სამშობლოსთვის. ეს ძალიან დიდი სიხარულია და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ“.

„ნაკრებში ახალი მწვრთნელი გვყავს, მაგრამ ქართული რაგბი არ შეცვლილა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენი ძლიერი მხარე შერკინებაა და ეს შევინარჩუნეთ. დიდი ცვლილება არ მომხდარა და რაც ჩვენს სისხლშია, იმ სისტემაზე აეწყო ახალი მწვრთნელიც. მას თავისი ხედვა აქვს და მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი“.

„სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე ჩვენი მიზანი სამი მოგება იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან, ოჯახებიდან და გულშემატკივრიდან შორს ვართ, ვცდილობთ კარგი და დადებითი თამაშები ვაჩვენოთ. ურუგვაისთან ხარისხი კარგი არ იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ. სამოასთან თამაშის უკეთესი ხარისხი გვქონდა და ვეცდებით, ჩილესთან კიდე უფრო უკეთესი თამაშით მოვიგოთ. ეს სეზონის ბოლო თამაშია და გამარჯვებასთან ერთად, ვეცდებით თამაშით სიამოვნებაც მივიღოთ“.

„მსოფლიო რაგბის ერთა თასი ძალიან საინტერესო ტურნირია. აქ ისეთი გუნდები ვართ, რომლებიც სხვადასხვა სტილის რაგბს ვთამაშობთ და ერთმანეთს განვითარებაში ვეხმარებით. შეიძლება მას ბევრი მეორე დივიზიონის ტურნირად აღიქვამს, მაგრამ დაძაბული შეხვედრები გვაქვს, რაც ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, როდესაც ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა მოგვეცემა, ამისთვის მზად ვიქნებით და მსოფლიო თასსაც კარგ კონდიციებში შევხვდებით“.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088415