არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, როგორც არ უნდა დასრულდეს ფინალი, ეს არის მატჩი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაგავიწყდება.
„რთულია ეს მომენტი სიტყვებით აღწერი, შეიძლება კარგად ან ცუდად დამთავრდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება. თავს მშვიდად ვგრძნობ. ხელი? თავიდან თანაგუნდელებისთვის ხელის ჩამორთმევაც არ შემეძლო, ოპერაცია რომ გამეკეთებინა, მუნდიალზე ვერ ვითამაშებდი, შესაბამისად, პრობლემები მქონდა. ეგვიპტესთან მატჩის შემდეგ ნორმალურად ვარჯიში დავიწყე და ახლა უკეთ ვარ.
მე ყოველთვის არგენტინის ნაკრების ფანატიკოსი გულშემატკივარი ვიყავი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შემეძლო არგენტინის ნაკრების მეკარე ვყოფილიყავი. ამ მუნდიალისგან სიამოვნებას ვიღებ, უფრო მეტად, ვიდრე წინასგან. კოლო მუანიზე სეივი 2022 წლის ფინალში? იმ ფინალში 80 წუთი უკეთესი გუნდი ვიყავით, პენალტამდე. როგორც წესი, როცა 3 გოლს უშვებ, წაგების დიდი შანსია, ვიდრე მოგების. 123-ე წუთზე ჩემთან თავდამსხმელი მარტო აღმოჩნდა, სხვა დროს გოლს გამიტანდა, მაგრამ მაშინ მოვახერხე მოგერიება.
ესპანეთი შესანიშნავი ნაკრებია, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ. ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც ჩვენს გუნდს ძალიან კარგად იცნობს. ეს არ არის მხოლოდ ლამინ იამალი, გუნდურად ძალიან კარგად მუშაობენ. ფინალში გავიდნენ, აქვთ თავიანთი იარაღები და ჩვენ - ჩვენი. იმედია, ისეთი თამაში იქნება, რომელსაც გულშემატკივრები დიდხანს გაიხსენებენ“, - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი - არგენტინის მატჩი 19 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.







