ფეხბურთის მატჩების შედეგები და კალენდარი
დაცვითი დიდებულება შეტევით ბრწყინვალებას ყველაზე დიდებულ სცენაზე ხვდება - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი არგენტინის წინააღმდეგ.
ფინალი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდება, ლიონელ მესი ლამინ იამალის წინააღმდეგ. თაობათა დაპირისპირება, ერთ მხარეს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, მეორე მხარეს - მოქმედი ევროპის ჩემპიონი.
არგენტინა ზედიზედ მეორე და ისტორიაში მეოთხე ტიტულს უტევს, ესპანეთი - მეორეს. ორივე გუნდმა ფინალამდე გზად ყველა ჩამოიშორა, ესპანეთმა უფრო დომინანტურად, მეტოქეებს აძინებდა და ამარცხებდა, არგენტინამ უფრო დრამებში, ქამბექებში, მაგრამ ფინალშია.
ესპანეთმა ტურნირი კაბო ვერდესთან სენსაციური უგოლო ფრით დაიწყო, თუმცა, მას შემდეგ საუდის არაბეთი, ურუგვაი, ავსტრია, პორტუგალია, ბელგია და საფრანგეთი დაამარცხა, ისე, რომ ერთადერთი გოლი გაუშვა. არგენტინამ გაცილებით მეტი გაუშვა, მაგრამ ყველაზე მეტიც გაიტანა. „ალბისელესტემ“ ალჟირი, ავსტრია, იორდანია, კაბო ვერდე, ეგვიპტე, შვეიცარია და ინგლისი გაიარა.
პლეი-ოფში ლიონელ სკალონის გუნდისთვს ყველა მატჩი დრამა იყო: კაბო ვერდესთან დამატებით დროში 3:2, ეგვიპტესთან 79-ე წუთამდე 0:2 და დაუჯერებელი ქამბექი ბოლო წუთებზე, 10-კაციან შვეიცარიასთან დამატებით დროში 3:1 და ინგლისთან 85-ე წუთამდე 0:1-დან 2:1! საინტერესოა, რომ არგენტინის ნაკრებმა 13 გოლი გაიტანა 78-ე წუთის შემდეგ, რაც წარმოუდგენელი მაჩვენებელია.
ლიონელ მესი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მთავარი კანდიდატია, მაგრამ მას ბომბარდირობაც შეუძლია - 8 გოლი აქვს გატანილი და ორით ჩამორჩება კილიან მბაპეს (სულ 21 ისტორიაში, რითაც ასევე მეორეა და წინ აქაც მბაპეა ერთი გოლით) და 39 წლის ლეოს ამ ტურნირზე ყველაფრის მოგება შეუძლია. არაა გამორიცხული, ეს მისი ბოლო სანაკრებო მატჩიც იყოს, არათუ მუნდიალი, თუმცა, ამის შესახებ მას არავითარი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ცალკე უნდა ვთქვათ, ლიონელ სკალონისა და ლუის დე ლა ფუენტეს დუელზე. ისინი მეგობრები არიან. სკალონი, როდესაც სამწვრთნელო კურსებს გადიოდა, სწორედ დე ლა ფუენტეს მეგობარი იყო. ალბათ, მაშინ, ვერცერთი წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელიწადში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის ერთმანეთს შეხვდებოდნენ.
ჩვენ შენზე მეტს გავიტანთ - ეს იყო არგენტინელთა მიდგომა მთელი მსოფლიოს ჩემპიონატის განმავლობაში, რომელშიც სკალონის გუნდმა უკვე ხუთი თამაშია, რაც კარის მშრალად შენარჩუნება ვერ შეძლო. თუმცა ყველა მატჩში სულ მცირე ორჯერ გაიტანა გოლი და ტურნირზე ყველაზე მეტი - 19 გოლი აქვს.
არგენტინას აქამდე არასდროს გაუტანია ამდენი გოლი ერთ მუნდიალზე - 1930 წელს არგენტინამ 18 გოლი გაიტანა და ფინალში გავიდა. არგენტინა შეიძლება გახდეს მესამე ნაკრები იტალიისა (1938) და ბრაზილიის (1962) შემდეგ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავს, ანუ, ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდება.
არგენტინას მოგებული აქვს ბოლო სამი ტურნირი - 2021 და 2024 წლების კოპა ამერიკა და 2022 წლის მუნდიალი. თუ ახლაც მოიგებს, ისტორიაში პირველი ნაკრები გახდება, რომელიც ზედიზედ ოთხ ტურნირზე გაიმარჯვებს. არგენტინა მუნდიალის ფინალში მეშვიდედაა, რითაც იტალიას გაასწრო (6) ბრაზილიას (7) გაუტოლდა და მხოლოდ გერმანიას (8) ჩამორჩება. ფინალებში მისი ბალანსი თანაბარია: 3 მოგება, 3 წაგება. ესპანეთისთვის ეს სულ რაღაც მეორე ფინალია. პირველი 2010 წელს ჰქონდა ნიდერლანდებთან დამატებით დროში მოიგო.
თავის მხრივ, ესპანეთს სხვა გეგმები აქვს 37 მატჩია არ დამარცხებულა, რითაც იტალიის ნაკრების რეკორდი (2018-2021 წლებში 37 თამაში წაუგებლად) გაიმეორა, ხოლო თუ ფინალს არ წააგებს, რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება. ესპანელებმა ბოლოს 2024 წლის მარტში, კოლუმბიასთან წააგეს. „ფურია როხამ“ 2008 წელს ევროპის ჩემპიონატი რომ მოიგო, ორ წელში მუნდიალიც მიაყოლა და შეუძლია, ახლა იგივე გაიმეოროს. თუმცა, მაშინ იყო 2012 წელსაც მოგებული ევროპის ჩემპიონატიც. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ ესპანეთის ნაკრებს ტურნირზე ერთი გოლი აქვს გაშვებული და პირველი ნაკრებია, 2006 წლის იტალიის შემდეგ, რომელიც მუნდიალის ფინალში მხოლოდ ერთი გაშვებული გოლით გავიდა.
გუნდებს საკადრო პრობლემები არ აქვთ და მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით გავლენ. ლამინ იამალს მოუწია ვარჯიშის გამოტოვება, მაგრამ საშიში არაფერია - 19 წლის ტალანტი მოედანზე იქნება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთს უამინდობის გამო ბოლო ვარჯიშის გაუქმება მოუწია.
არგენტინა და ესპანეთი აქამდე 14-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სრული პარიტეტია: 6 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება. თუმცა, 14-დან 13 მატჩი ამხანაგური იყო, ერთი ოფიციალური, ისიც შორეულ 1966 წელს დ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე არგენტინამ 2:1 მოიგო.
ბოლოს ეს ნაკრებები 2018 წლის 27 მარტს, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და ესპანეთმა მეტოქე 6:1 გაანადგურა. იქამდე იყო კიდევ ერთი სპარინგი 2010 წლის 7 სექტემბერს, როცა არგენტინამ ესპანეთი 4:1 დაამარცხა. მიმდინარე საუკუნეში კიდევ ერთი ამხანაგური თამაში იყო - 2006 წლის 11 ოქტომბერს, ესპანეთმა 2:1 გაიმარჯვა.
მატჩი 19 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და ნიუ ჯერსის „მეტლაიფ სთედიუმი“ უმასპინძლებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ესპანეთი: სიმონი; პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, რუისი; იამალი, დანი ოლმო, ბაენა; ოიარსაბალი
არგენტინა: ე. მარტინესი; მონტიელი, რომერო, ლ. მარტინესი, ტალიაფიკო; დე პაული, პარედესი, ფერნანდესი, მაკალისტერი; მესი, ალვარესი







