რაგბი

17:00 | 19.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა

საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებმა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში რაგბი ევროპის ალაფა 2 მოიგო და გაისად ალაფა 1-ში ითამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული სამი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს თასის ნახევარფინალში ბულგარეთი შეხვდა. ანგარიში დებიუტშივე დაჩი ზანგურაშვილმა გახსნა, რომელმაც კონტრშეტევაზე ფეხით ორჯერ ითამაშა და ბურთი ლელოში დაამიწა. ტაიმის შუაში ნიკოლოზ მუმლაძე გაიჭრა ფრთაზე და მეორე ლელო გაიტანა. ორივე გარდასახვა ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს ბულგარეთმა გარდასახული ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა და სინბინის გამო მოედანზე ექვსი კაცით დავრჩით.

მიუხედავად ამისა, თამაშის განახლების შემდეგ შერკინებიდან კარგი შეტევა გავშალეთ და დაჩი ოყროშიძემ ის ლელოთი დაასრულა. ბოლო წუთზე ბულგარეთმა შეძლო თავისი მეორე ლელოს გატანა თუმცა საქართველომ 19:14 იმარჯვა.

ფინალში ის ავსტრია შეგვხვდა, რომელსაც წინა დღეს, პირველ მატჩში 19:5 ვაჯობეთ. თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. დიმიტრი კიკნაძის შეგირდები მოედანზე მოტივირებული გავიდნენ და პირველსავე წუთზე ლუკა გორგოძემ ლელოთი დაგვაწინაურა, თუმცა მალევე მაღალი ბოჭვისთვის ის სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, ექვსმა მოთამაშემ ხელდახელ კარგი შეტევა განახორციელა და დაჩი ოყროშიძემ ლამაზი ლელოთი ჩვენი უპირატესობა გაზარდა. დაჩიმ გარდასახვაც თავადვე შეასრულა - 12:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში დაჩი ზანგურაშვილმა ფეხით შეცურებული ბურთი თავად აიტაცა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. მეოთხე ლელო ნიკა მუმლაძემ მას შემდეგ გაიტანა, რაც მეტოქეს მისსავე 22-ში დიდი წნეხი დავადეთ, ბოლო წუთზე კი ლუკა აბრამიძემ კონტრშეტევაზე დაახლოებით 70 მეტრი ირბინა და საქართველომ საბოლოოდ 31:0 გაიმარჯვა.

ამრიგად, საქართველომ ალაფა 2-ის მოგებისთვის ოქროს მედლები და კუთვნილი თასი ჩაიბარა, გაისად კი ერთით მაღალ დივიზიონში, ალაფა 1-ში ითამაშებს.

18-წლამდელთა 7-კაცა რაგბი ევროპის ალაფაზე

დაჩი ზანგურაშვილი (ყოჩები, კაპ.), სანდრო გოგუაძე (ყოჩები), ლუკა აბრამიძე (რაშები, ვიცე კაპ.), დაჩი ოყროშიძე (რაშები), ნიკოლოზ მუმლაძე (ლელო), ლუკა ჯიქიძე (ლელო), დავით კვირიკაშვილი (ლელო), გიორგი ჯანხოთელი (ლელო), ლუკა გორგოძე (ხვამლი), იო სებისკვერაძე (არმია), კახა ზურაბაშვილი (არმია), მათე ბებია (აია), საბა მიქელაძე (ჩაქვი).

მთავარი მწვრთნელი: დიმიტრი კიკნაძე

მწვრთნელი: ლუკა ხეხელაშვილი

ფიზიო: მირიან ჯაფიაშვილი

მენეჯერი: გიორგი ტყეშელიაძე

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158753