ფეხბურთი

2:03 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ზედიზედ მეორე არ გამოვიდა: ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია!
120 წუთი მხოლოდ ერთ საჯარიმოსთან

არგენტინამ ვერ გაიმეორა იტალიის და ბრაზილიის მიღწევა, ზედიზედ მეორედ მუნდიალი ვერ მოიგო, სამაგიეროდ, მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ესპანეთის ნაკრები დაბრუნდა.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალს, რომელსაც „მეტლაიფ სთედიუმმა“ უმასპინძლა, დიდი მოლოდინი უძღოდა წინ, მაგრამ ეს მოლოდინი ოდნავადაც არ გამართლებულა. ძალიან მოსაწყენი 120 წუთი, რომლის განმავლობაში ერთი გუნდი მეორეს ძალიან აღემატებოდა. თუმცა, დამატებითი დრო მხოლოდ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ესპანეთის შეტევებიც სტერილური იყო, თითქმის არაფრის მომცემი.

უმომენტი თამაში. არგენტინამ კარში კი არა, კარისკენ ვერ დაარტყა. კი, 90 წუთის განმავლობაში ვერ დაარტყა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მსგავსი რამ ისტორიაში პირველად მოხდა. ესპანეთმა დაარტყა, ბევრჯერაც, მაგრამ ემილიანო მარტინესს განსაკუთრებული პრობლემები არ ჰქონია.

90 წუთში გოლი არ გასულა, სრულიად ლოგიკურად. ფინალში ყველაზე სანტერესო ალბათ, შესვენება იყო, რომელიც 30 წუთს გაგრძელდა და კონცერტი გაიმართა... ლიონელ მესიც ჩრდილში იყო, ესპანეთმა არგენტინას ბურთი საერთოდ არ დაუთმო. უნაი სიმონი მოგეხსენებათ, რეკორდსმენია მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მშრალი წუთებით, რა გასაკვირია, ესპანელთა მეკარეს ამ მუნდიალზე პრაქტიკულად გადახტომაც არ დასჭირვებია - ფინალში ნამდვილად.

11 კაცით რა იყო და წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა არგენტინა 10 კაცით, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ენცო ფერნანდესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ესპანეთი უტევდა, არგენტინა როგორღაც იცავდა თავს.

„ალბისელესტეს“ ერთადერთი მიზანი პენალტების სერიამდე მისვლა იყო, იქ უკვე კარგი სტატისტიკა გაუმაგრებდა ზურგს, ესპანეთს - პირიქით. თუმცა, ლიონელ სკალონის გუნდმა ვერ გაძლო.

მეორე დამატებით დრო ახალი დაწყებული იყო, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა რომ გაიტანა: ნიკო ვილიამსმა თავით დააგდო და ფერან ტორესი მარტო იყო, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ისე, როგორც 16 წლის წინ ანდრეს ინიესტამ. გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს.

არგენტინამ მხოლოდ ბოლოს შექმნა ორი მომენტი: ჯერ მცველმა იხსნა ესპანეთი, მერე ჯულიანო სიმეონემ კარგი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.

ესპანეთის ნაკრებმა დაადასტურა დომინანტური ძალა, მეტოქის დაძინების უნარი, როცა მას არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს და ნელ-ნელა კლავს. „ფურია როხამ“ ევროპის ჩემპიონობას მსოფლიოს ჩემპიონობაც დაუმატა, როგორც 2008-2010 წლებში.

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა, გაუთანაბრდა საფრანგეთის ნაკრებს ამ მიღწევით. პირინელებს ორჯერ უთამაშიათ ფინალში და ორივე მოიგეს, ორივე დამატებით დროში 10-კაციან მეტოქესთან 1:0.

არგენტინამ კი მეოთხედ წააგო ფინალი და ისევ სამი ტიტული აქვს. ლიონელ მესიმ ალბათ, ბოლოჯერ ითამაშა მუნდიალზე, სადაც 21 გოლი აქვს და კილიან მბაპეს ვერ გადაასწრებს (22 გოლი).

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბომბარდირიც მბაპე გახდა 10 გოლით, მესი მას 2 გოლით ჩამორჩა.

ესპანეთმა კი მსოფლიოს ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ ერთადერთი გოლი გაუშვა, მეოთხედფინალში ბელგიისგან. და, კიდევ: ესპანეთის ნაკრები 38 მატჩია არ დამარცხებულა, რაც მსოფლიო რეკორდია - გააუმჯობესა 2018-2021 წლებში იტალიის ნაკრების მიერ დამყარებული რეკორდი, რომელიც ზედიზედ 37 თამაში არ დამარცხდა.

ესპანეთი - არგენტინა 1:0 (0:0)

ნიუ ჯერსი, „მეტლაიფ სთედიუმი“

ესპანეთი (4-2-3-1): სიმონი; პორო, კუბარსი, ლაპორტი (გარსია 99), კუკურელია; როდრი (ზუბიმენდი 99), ფაბიან რუისი (პედრი 62); იამალი, დანი ოლმო (მერინო 75), ბაენა (ვილიამსი 75); ოიარსაბალი (ფერან ტორესი 62)

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

არგენტინა (4-4-2): ე. მარტინესი; მონტიელი (მოლინა 58), რომერო (მედინა 70), ლ. მარტინესი (ოტამენდი 44), ტალიაფიკო; დე პაული (სიმეონე 70), ფერნანდესი, მაკალისტერი, გონსალესი (პარედესი 46); მესი, ალვარესი (სენესი 102)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

გოლები: 1:0 ფერან ტორესი (106)

გაფრთხილება: ლ. მარტინესი (41), პარედესი (52), ფერნანდესი (82, 90), რომერო (90), მაკალისტერი (111)

გაძევება: ფერნანდესი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (12) – 2 (0) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171424